საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" და პარტია „ახალის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ფაშისტური ბოროტი სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი იყო, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამია, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდა ბრალად, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაში და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი 2023 წლის ივლისში შეიწყალა.
გვარამიამ დანაშაული არ აღიარა. მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, თუმცა საქმის განხილვაზე უარი მიიღო. ამის შემდეგ გვარამიამ გადაწყვიტა გააგრძელოს ბრძოლა - მიმართოს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს.
„გვარამია არის ჩვეულებრივი ფაშისტი ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი ფაშისტური ბოროტი სისტემის სააკაშვილის დროს. ვინ იყო გვარამია – გვარამია იყო პროკურორის მოადგილე, რომელმაც ჩაიდინა „იმედის“ გაძარცვა, დარბევა და ათასი უბედურება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გვარამიას უწოდა არარაობა, ადამიანი, რომელიც „ადამიანებს სწირავდა, ოჯახებს ანადგურებდა და ამაში თავიდან ბოლომდე იყო ჩართული“.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა წელს გვარამიას მთავარი პროკურორის მოადგილის, იუსტიციის მინისტრისა და განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი მან ჟურნალისტიკის სფეროში გადაინაცვლა. იგი იმდროისთვის ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენდირექტორი გახდა, შემდეგ კი ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი" დააარსა.
„ახლა იგი პარტიის წარმომადგენელი, პოლიტიკოსია. ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის გვარამია. ჩვეულებრივი სააკაშვილის გუნდის წევრი. ვინ დაიჯერებს მის გარდასახვას თუ გარდაქმნას? გვარამია სამუდამოდ დარჩება მწამებელ-ჯალათად“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენების საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც გვარამია მისი გენერალური დირექტორი (2019 წლის ივლისამდე - რედ.) იყო. გვარამია სამივე ინსტანციის სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო დამნაშავედ.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა" ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2"-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ. შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.
გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. 2023 წლის სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. 2024 წლის მარტში გვარამიამ „ნაცმოძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად ოპოზიციური პარტია „ახალი" დააფუძნა.