რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: და მსაჯულნი ვინ არიან?

    დღეს საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ (step by step) იბრუნებს თავის დამოუკიდებლობას, რომელსაც მისი ხელისუფლება 1991 წლიდან ნაწილ-ნაწილ გასცემდა (ზოგიერთი კი ყიდდა!). საქართველო de facto დამოუკიდებელი სულ რამდენიმე თვე იყო, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს, რომელსაც 31 მარტს 85 წელი შეუსრულდებოდა, მაგრამ სინამდვილეში ასეთი დამოუკიდებლობა ნიშნავდა არა ნეიტრალიტეტს, არამედ დამოკიდებულებას ყველაზე, რადგან გარდა სასმელი წყლის დიდი რესურსისა, საქართველო არაა თვითკმარია ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თავისი მოსახლეობის გამოკვება, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეროვნული ინტერესების დაცვა.

   თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აღებულ ტემპს შეინარჩუნებს, მაშინ ვინძლო, ექვსიოდე წელიწადში, 2030 წლისთვის საქართველო კვლავ გახდეს დამოუკიდებელი, მაგრამ ეს იქნება უკვე სხვა სახის დამოუკიდებლობა, დაფუძნებული ყველასთან ორმხრივ მომგებიან პარტნიორობაზე. რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩინეთი, ევროკავშირი თუ აშშ - საქართველო იქნება პროპორციულად უფრო მჭიდრო პარტნიორი მათთვის, ვინც უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ეკონომიკურ ზრდას, იქნება ეს ინვესტიციების მოცულობისა თუ სავაჭრო ბრუნვის ზრდა, ergo - მოსახლეობის კეთილდღეობისა. ხოლო სახელმწიფო სუვერენიტეტის კვლავაც მსხვერპლად შეწირვა ნატოს სამხედრო დახმარებისთვის რუსეთის ვირტუალური აგრესიის მოლოდინში (ძველი პროპაგანდისტული meme სერიიდან highly likely, რომლის წარმომავლობაც დიდი ხანია აღარავის ახსოვს) ერთობ კონტრპროდუქტიულია. თუ რა შედეგი მოაქვს ნატოს დახმარებას რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, ნათლად ჩანს უკრაინის მაგალითზე - სამხედრო ოპერაციის თეატრად ქცეული ქვეყნის განადგურებას!

   დასავლეთის სრული დაქვემდებარებიდან საქართველოს ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსვლის პოლიტიკის (step by step policy) ავტორი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი - მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც, ალბათ, თვლიდა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული პერიოდი, როდესაც მან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოიყვანა, არ იყო შესაფერისი დრო საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის მსგავსი ტრანსფორმაციისთვის. თუმცა, „არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში; თორემ დახეთქავს ახალი ღვინო ტიკებს, თვითონაც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. არამედ ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში, და ორივე შეინახება...“ (ლუკა 5:36-39): ახალი პოლიტიკა უნდა განახორციელოახალმა კადრებმა („ახალი“ სულაც არ ნიშნავს „ახალგაზრდას“, არამედ - საიმედოს), ხოლო თუ საძიებელში შეიყვანთ დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს - კომპეტენცია, ინტელექტი, პატრიოტიზმი, უნაკლო რეპუტაცია - ირაკლი კობახიძის და კიდევ რამდენიმეს გარდა, შედეგად ამოაგდებს „404 Not Found“.

   დასავლეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ბოლო დაპირისპირების თემად იქცა მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცედურა - vetting-ი, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების კონტროლის მექანიზმი, რომელიც ასოცირდება petting-თან - სექსუალურ გაღიზიანებასთან სქესობრივი აქტის გარეშე. ევროკომისია, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს შექმნას უცხოელებისგან შემდგარი სპეციალური კომისია, რომელიც შეამოწმებს 60 ყველაზე მაღალჩინოსან ქართველ მოსამართლეს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, სასამართლოს თავმჯდომარეებს და კანდიდატებს ამ თანამდებობებზე. აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციის ავტორების მიერ შემოთავაზებული შემოწმების კრიტერიუმები პრაქტიკულად ემთხვევა ქართველი პოლიტიკოსებისადმი ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ესაა „დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება“ (ჩემთან - კომპეტენცია, იხ. ზემოთ), „ეთიკური წესების დაცვა“ (ჩემთან - ინტელექტი), „ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა, მოუსყიდაობა, ქონების სავალდებულო დეკლარირება“ (ჩემთან -პატრიოტიზმი და შეუბღალავი რეპუტაცია), ასევე, მოსამართლისთვის აუცილებელი თვისებები “ობლიკო მორალე“.

მაგრამ ევროპელების „პეტინგით“ გაღიზიანებულმა საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა ამ მოთხოვნის შესრულებაზე გრიბოედოვის ცნობილი კომედიის მთავარი გმირის გამონათქვამით - და მსაჯულნი ვინ არიან?“, რადგან ევროპელმა ექსპერტებმა არ უნდა განსაჯონ, ვინ არის საქართველოში მოსამართლის მანტიის ტარების ღირსი და ვინ - არა. აღნიშნული გახლავთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ უნდობლობის აშკარა ნიშანი, „უიმედოდ კორუმპირებული“ ქართველი ერის შეურაცხყოფა, საქართველოს კონსტიტუციის დამცირება და საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა. სასამართლო ხელისუფლება, როგორც ცნობილია, არის „მესამე ხელისუფლება“ სახელმწიფოში, პირველ და მეორეს – საკანონმდებლოსა და აღმასრულებელთან ერთად, ამიტომ არცერთ უცხო ქვეყანას, თვით ევროკავშირის ქვეყნებსაც, არ აქვს ამ მესამე ხელისუფლების ფორმირების უფლება! თუმცა, ბევრი უვადო მოსამართლე, რომელიც მმართველმა პარტიამ მემკვიდრეობით მიიღო „ნაცმოძრაობისგან“, ნამდვილად ექვემდებარება შეცვლას და აუცილებლად შეიცვლება ცოტა მოგვიანებით, რადგან არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში...“ და კიდევ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს სხვისი კარნახით მოქმედება.

სულ ცოტა ხნის წინ შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენაც კი, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმეში ეურჩებოდა „ნახევარღმერთებს“ ბრიუსელსა და ვაშინგტონიდან, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც სწორ ოჯახში გაიზარდა და სწორი სახელმძღვანელოებით სწავლობდა, ალბათ, trigger-ად ნაციზმის აღორძინება იქცა, რომელიც საუკუნეში ერთხელ იფეთქებს ევროპაში და კაცობრიობას ჰიტლერს ან ნაპოლეონს ჩუქნის. ახლა - შოლცი და მაკარონი, რომელმაც თავის საყვარელ სალომეს დასახმარებლად საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის გენერალ-მაიორ ბეტინა ბუგანი გამოუგზავნა (ოფიციალურად - როგორც საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ახალი ხელმძღვანელი). ბიზნესმენსა და მილიარდერს, რომელიც წარმატებით მუშაობდა რუსეთში, ბიძინა ივანიშვილს სხებისგან განსხვავებით ესმის, რომ მუსლიმ მაგომაევის სახელობის კროკუს სითი ჰოლში ტერაქტის შეკვეთით, ზელენსკიმ წინდაუხედავად გადაკვეთა რუსებისთვის მთავარი მიჯნა და ახლა მის სიცოცხლეს გროშის ფასი აქვს. ვფიქრობ, ზელენსკი მალე გაიზიარებს ჯოარ დუდაევის ბედს, თანაც ზელენსკის ზუსტი ადგილმდებარეობის კოორდინატებს პენტაგონის თანამგზავრიდან, როგორც დუდაევის შემთხვევაში, რუსებს ამერიკელები გადასცემენ.

   ვერსია, რომ ტერაქტი აშშ-ს შექმნილმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა, კრიტიკას ვერ უძლებს. სრულად ვემხრობი ვერსიას, რომელიც დავაფიქსირე „საქინფორმში“ და „ასავალ-დასავალში“, კერძოდ: ტაჯიკი-გასტარბაიტერები დასავლელმა ინსტრუქტორებმა (სავარაუდოდ, ბრიტანელებმა) თურქეთში, სპეცბაზაზე გაწვრთნეს, მაგრამ ტერაქტის ორგანიზატორები არიან უკრაინის უშიშროებაში და დაზვერვაში (СБУ -სა და ГУР-ში), დამკვეთი კი უკრაინის პრეზიდენტია ვოლოდიმერ ზელენსკი. Cui prodest - მხოლოდ კიევის ნაცისტური რეჟიმისთვის იყო ხელსაყრელი ამ გზით პანიკა დაეთესა რუსეთის მოსახლეობაში და მიეცა საბაბი მოღალატე ოპოზიციისთვის, მოეთხოვათ ხელისუფლების შეცვლა, რომელმაც „არა მხოლოდ ვერ დაიცვა თავისი მოსახლეობა, არამედ დარტყმის ქვეშ დააყენა თავისი იმპერიული ამბიციების გამო“.

   არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“-ის მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 31 მარტი