საზოგადოება
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში შობადობა ხუთი პროცენტით შემცირდა

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია ხუთი პროცენტით.

საქსტატის ცნობით, 2023 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში – 13 697 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 226 ბავშვი.

უწყების ანგარიშის მიხედვით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 39.1 პროცენტიდან 37.7 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.6, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 26.6 პროცენტიდან 27.5 პროცენტამდე.

2023 წელს ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26.5 პროცენტიდან 24.6 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.6 პროცენტიდან 69.4 პროცენტამდე შემცირდა. ზრდა შეინიშნება 40 წლისა და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.0 პროცენტიდან ექვს პროცენტამდე გაიზარდა. 2023 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.7 წლით განისაზღვრა.