სამართალი
ლევან დავითაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრს გააჩნია შემოსავლები, ბიზნესითაა დაკავებული - ეს დეკლარაციაში გამჭვირვალედ არის ასახული

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. თუ ნებისმიერი თანამდებობის პირის დეკლარაციაში, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის {დეკლარაციაში} რაიმე კითხვა არსებობს ინფორმაციის სისწორესთან დაკავშირებით, ამის გადამოწმების ფორმატი არსებობს - ამაში ჩართულია სამოქალაქო საზოგადოება და ეს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპასუხიდ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მაღალი თანამდებობის პირის დეკლარაცია გადამოწმებას გადის.

მე {ირაკლი ღარიბაშვილის} დეკლარაციას არ ვიცნობ, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის დროზე განცხადება გააკეთა, როდესაც ამ თემაზე საუბარი იყო. მის ოჯახის წევრს გააჩნია შემოსავლები, ის კერძო ეკონომიკური საქმიანობით, ბიზნესით არის დაკავებული. შესაბამისად, თითოეულ შემოსავალს თავისი ლოგიკური წარმომავლობის წყარო აქვს. ვფიქრობ, რომ ეს დეკლარაციაში, ალბათ, ძალიან ღიად, გამჭვირვალედ იყო და არის ასახული.

იცით, რომ ეს პროცესი დღეს საკმაოდ გამჭვირვალეა. თითოეული თანამდებობის პირის დეკლარაცია მოწმდება რისკების შესაბამისად, ფართო ჩართულობით სამოქალაქო საზოგადოების, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის პროცესი, როდესაც რომელიმე სახელმწიფო უწყება არის დეკლარაციის შემოწმებაზე პასუხისმგებელი. ეს ასე არ არის, რომ დაისვას კითხვა ამ ინსტიტუტის ნდობაზე ან სანდოობაზე, ამ პროცესში ჩართული არის თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა კონკრეტულ მიკერძოება- მიუკერძოებლობაზე კითხვა ნამდვილად ვერ იქნება. ასე რომ, არსებობს სპეციალური ფორმატები, მათ შორის, კანონმდებლობით განსაზღვრული, სადაც შეიძლება თითოეული დოკუმენტის ან ინფორმაციის, რომელიც დეკლარაციაში არის წარმოდგენილი გადამოწმდეს.

თუ ნებისმიერი თანამდებობის პირის დეკლარაციაში, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის {დეკლარაციაში} რაიმე კითხვა არსებობს ინფორმაციის სისწორესთან დაკავშირებით, ამის გადამოწმების ფორმატი არსებობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამაში ჩართულია სამოქალაქო საზოგადოება და ეს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია. ფაქტობრივად, ყველა მაღალი თანამდებობის პირის დეკლარაცია გადის, ასეთ გადამოწმებას. ანუ ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ვიღაცამ დეკლარაციაში რაღაც ინფორმაცია მიუთითა. ინფორმაცია დეკლარაციაში ზუსტდება და ეს ინფორმაცია შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გამოითხოვონ, კონკრეტული კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა კითხვაზე ძალიან მკაფიო პასუხი იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.