პოლიტიკა
ევროპის საბჭოს კვლევა საქართველოში არასამთავრობოების სტიგმატიზაციის შესახებ

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონის ექსპერტთა საბჭომ 22 მარტს ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც არასამთავრობოების სტიგმატიზაციის „ფართოდ გავრცელებულ და შემაშფოთებელ ტენდეციაზეა“ საუბარი. კვლევა ეფუძნება ევროპის საბჭოს 31 წევრ სახელმწიფოში, ასევე რუსეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, და ორი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ კითხვარზე გაცემულ პასუხებს. კითხვარი სულ 55 კითხვას შეიცავდა.

ანალიზი ძირითადად ანკეტის სტრუქტურას ეფუძნება და შემდეგ თავებს მოიცავს: უარყოფითი დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული მიზნებისა და საქმიანობების მიმართ; არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის ძირითადი წყაროები და ასეთი პრაქტიკის საფუძველი; პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელმაც ხელი შეუწყო არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას; არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის მასშტაბი და ხანგრძლივობა; არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევა სტიგმატიზაციის წინააღმდეგ საბრძოლველად; და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სტიგმატიზაციის წინააღმდეგ საბრძოლველად შემოთავაზებული შესაძლო სტრატეგიები.

კვლევამ აჩვენა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ადამიანისა და უმცირესობების უფლებებზე (ანტიკორუფციული და საგამოძიებო ჟურნალისტიკა), ასევე გარემოს დაცვის საკითხებზე, განსაკუთრებით დაუცველები არიან სტიგმატიზაციის მიმართ.

„სამოქალაქო საქართველო“ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის შესახებ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას გაეცნო.

უარყოფითი დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული მიზნებისა და საქმიანობების მიმართ

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში არსებობს სტიგმატიზაცია რელიგიურ უმცირესობებსა და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების, ასევე ანტიკორუფციულ და საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ლეგიტიმურ მიზნებს ახორციელებენ, ამტკიცებენ, რომ მათი თავისუფლად მოქმედებისა და მათი მიზნების ადვოკატირების შესაძლებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციაში ასახული გაერთიანების თავისუფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით.

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ სტიგმატიზაციის მნიშვნელოვანი წყაროებია სახელმწიფო ხელისუფლება ან მმართველი პარტიის მაღალი რანგის პოლიტიკოსები. შემდეგ მოდიან სახელისუფლებო ან სხვა მედია საშუალებები, რომლებიც პოპულისტურ და ქსენოფობიურ შეხედულებებს უწევენ პროპაგანდას, ასევე ტრადიციული ეკლესიები, რელიგიური ორგანიზაციები, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები და საზოგადოების გარკვეული სეგმენტი, მათ შორის ისინი, ვინც LGBTIQ+ უფლებებს ეწინააღმდეგებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლება სტიგმატიზაციის ძირითად წყაროდ იქნა აღიარებული, როგორც მისი ქმედებებით, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმური უფლებების დაუცველობით. საქართველოში სტიგმატიზაციას ხშირად ამართლებენ ტრადიციული ოჯახური და რელიგიური ფასეულობების დაცვით, მორალური წუხილებით, ეროვნული უსაფრთხოებით, საზოგადოებრივი წესრიგითა და უცხოური ჩარევისგან დაცვით.

რაც შეეხება პოლიტიკასა და პრაქტიკას, რამაც ხელი შეუწყო არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის უნგრეთში, ბოსნია და ჰერცოგოვინასა და საქართველოში, დასახელდა ინიციატივები რუსეთის უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გარკვეული ფორმით შემოღების შესახებ. თუმცა, ისიც აღინიშნა, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი საქართველოში ჩავარდა.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ჩამოშორების ფაქტები. მიუხედავად წარმატებული ადვოკატირებისა, რომელმაც პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას შეუშალა ხელი, რესპონდენტმა საქართველოდან აღნიშნა: „…შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკაში შესამჩნევი ცვლილებები არ არის. მთავრობის არათანამშრომლური პოზიცია, როგორც წესი, აისახება სიტყვიერ თავდასხმებში, ბრალდებების გავრცელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და სამართლებრივ დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობის წართმევაში“.

საქართველოში დაფიქსირდა პოლიციისა და საზედამხედველო ორგანოების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ასევე ქალთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ „არასახარბიელო“ მოპყრობა. რაც შეეხება მედიის ცილისწამების კამპანიებს, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ კამპანიების მთავარი სამიზნე ქალი უფლებადამცველები და ქალთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ.

კვლევის თანახმად, ევროპაში და კონკრეტულად საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმები ხშირად დაკავშირებული იყო ეფექტური გამოძიების ან პოლიციის დაცვის ნაკლებობასთან. კერძოდ, ტრანსგენდერთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მათ საქმიანობაზე ფიზიკური თავდასხმები საერთო ჯამში იშვიათი იყო, თუმცა გარკვეული სიხშირით მაინც ხდებოდა რუსეთის ფედერაციაში, საქართველოში, გაერთიანებულ სამეფოში, ნორვეგიასა და სომხეთში.

რესპონდენტებმა საქართველოდან აღნიშნეს, რომ ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა საია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, როგორც წესი, თავდასხმების პირველი სამიზნეები არიან, მიმდინარე ტენდენციების აქტიური კრიტიკის გამო.

რესპონდენტმა საქართველოდან ხაზი გაუსვა მოვლენებს, რომლებიც 2022 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარის შემდეგ განვითარდა. რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ფართომასშტაბიან აქციებს ლოზუნგით „შინ ევროპისკენ“ მოჰყვა სოციალური და პოლიტიკური აქტივობები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების გამკაცრებას ასახავდა.

რესპონდენტის თქმით, ამ პერიოდში გაიზარდა ბრალდებები, სიტყვიერი თავდასხმები და დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. სამოქალაქო საზოგადოების რეაგირებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, როგორც ჩანს, გამოიწვია რიტორიკული თავდასხმები ხელისუფლების ლიდერებისა და სახელისუფლებო მედიის მხრიდან.

ერთ-ერთი რესპონდენტი არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო იკავებდა თავს კრიტიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პოლიტიკის განხილვაში ჩართვისგან და ზოგ შემთხვევაში, საჯაროდაც უარი უთხრა კონკრეტულ ორგანიზაციებს მონაწილეობაზე. თუმცა, ის ღია დარჩა არასამთავრობო ორგანიზაციებთან პოლიტიკურად ნაკლებად მგრძნობიარე ინიციატივებზე მუშაობისთვის.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლის რამდენიმე მცდელობა განხორციელდა გამოკითხულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ამგვარი ინიციატივების სამიზნეები იყვნენ როგორც შიდა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის პოლიტიკის განმახორციელებლები და საზოგადოება, ისე საერთაშორისო დონორები.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის რუმინეთში, საქართველოში, მოლდოვაში, პოლონეთში, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთში განაცხადები შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეებიდან ბევრი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, „დადებითი შედეგები“ დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის, თურქეთის და საქართველოს წინააღმდეგ საქმეებში.

რესპონდენტები საქართველოდან სტიგმატიზაციის წინააღმდეგ საბრძოლველად რამდენიმე ღონისძიების განხორციელების რეკომენდაციით გამოდიან, რომელთა შორისაა პოლიტიკის საკითხებზე მთავრობასთან საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა. თუმცა, მათ ასევე გააფრთხილეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მოწოდებები თითქოსდა „კეთილი განზრახვებით“ შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული პრაქტიკაში, „მთავრობის ფარული დღის წესრიგის“ გასატარებლად.

მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული ღონისძიებები ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზეა მორგებული, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის, ასევე გაეროს ინსტიტუტების აქტიური და მუდმივი ურთიერთქმედება ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან კრიტიკულად მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში სტიგმატიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.