საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. მოსამართლეები შერჩეული უნდა იყვნენ საქართველოში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ე.წ. ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, მიუღებელია, რომ მოსამართლეების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღონ.
„წარმოდგენილი სისტემა, რისი სურვილიც გარკვეულ ძალებს აქვთ, არის ის, რომ საქართველოში მოსამართლეების დანიშვნაზე, პრაქტიკულად, გადაწყვეტილება მიღებული იყოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია. ეს არაერთხელ ითქვა და მეც თავიდან ბოლომდე ვემხრობი იმ კურსს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს, რომ მოსამართლეები შერჩეული უნდა იყვნენ საქართველოში. დარწმუნებული ვარ, თქვენც გინდათ, რომ ეს ეროვნული სუვერენიტეტის საკითხი იყოს“, - განაცხადა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ე.წ. ვეტინგის სისტემა პარტნიორების მხრიდან აუცილებელი მოთხოვნა არ არის.
„არ არის რაიმე სახის მოთხოვნა, რომ ევროკავშირში ვერ შეხვალ, თუკი მოსამართლეებს ვერ შეარჩევს რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ევროკავშირის ქვეყნებში გადაწყვეტილებას მოსამართლის შერჩევასთან დაკავშირებით იღებენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები. ეს არის მოსაზრება, რომელსაც არ ვიზიარებთ და აქ არაფერი არაბუნებრივი არ არის“, - განაცხადა ბრეგაძემ.