პოლიტიკა
დავით კეზერაშვილის წარმომადგენელი აშშ-ის ვიზაზე უართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის წარმომადგენელი დავით კეზერაშვილისთვის აშშ-ში ტურისტული ვიზის არ მიცემის საკითხს განცხადებით ეხმაურება.

კეზერაშვილის წარმომადგენლის განცხადებას „ფორმულა“ ავრცელებს.

როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრის წარმომადგენელი აღნიშნავს, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცილისწამების კამპანია ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმართა.

"საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლება განმეორებითად უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა დავით კეზერაშვილს სხვადასხვა მართლმსაჯულების ორგანოს წინაშე.

ამ დრომდე ყველა სასამართლომ ევროპაში, რომელმაც განიხილა ეს ბრალდებები, დაინახა მათი ნამდვილი ხასიათი - რომ ეს არის პოლიტიკური ნადირობა კუდიანებზე, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსის გაჩუმებაა. მძლავრი პოლიტიკური მოტივაციები დაინახა ინტერპოლმაც, რომელმაც დიდი ხნის წინ შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნების გათვალისწინება.

მას შემდეგ, რაც ევროპაში ამოწურეს სასამართლოები და მართლმსაჯულების ორგანოები, რომლებიც მათ მოუსმენდნენ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცილისწამების კამპანია ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმართა.

დავით კეზერაშვილმა აშშ-ში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზას მიმართა, რომ შესაბამისი უწყებებისგან გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში მოიპოვოს მის შესახებ დოკუმენტებზე წვდომა. ეს წმინდად პროცედურული საკითხია და არ აქვს სხვა იმპლიკაციები, გარდა დავით კეზერაშვილის მოტივაციისა, რომ სრულად იყოს ინფორმირებული პროცესისა და დოკუმენტაციის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.

როგორც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა.

მათივე ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.