პოლიტიკა
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე საქართველოშია

Shtefan-Fule-2ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში იგი ბათუმში VIII საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველოს ევროპული გზა“ – მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტისას შტეფან ფულე შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას, სახელმწიფო მინისტრს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძეს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძეს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირებულ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, ასევე, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

„საქართველოს არჩევანი – იაროს ევროპასთან ინტეგრაციის გზით, საამაყოა და იმედისმომცემი“, – წერს ფულე ვიზიტის წინ გავრცელებულ სტატიაში. „საამაყოა იმიტომ, რომ ეს არჩევანი არ არის იოლი და უკვე დღეიდან მოითხოვს მკაცრი რეფორმების განხორციელებას“.

„იმედისმომცემი ეს არჩევანი იმიტომაა, რომ არავის შეაქვს ეჭვი მის სარგებლიანობაში. დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ღია ეკონომიკის არჩევა სტაბილურობისა და კეთილდღეობის ძირითადი შემადგენელია. სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა იმაში დაგვარწმუნა, რომ მოქალაქეები სულ უფრო კარგად ხედავენ და იზიარებენ ამ ფასეულობებს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ ისინი“, – წერს ფულე. 

საქინფორმი