უცხოეთი
პუტინი: მაკრონი თვლის, რომ აფრიკის ქვეყნებიდან საფრანგეთის გამოგდება რუსეთის ბრალია, ნაწყენია, შურისძიება სურს და უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესახებ აკეთებს განცხადებას

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასეთი განცხადება გააკეთა 2013 წელს თავისი ბრძანებით შექმნილ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Russia Today"-ს გენერალურ დირექტორ დმიტრი კისელიოვთან ინტერვიუს დროს.

ინტერვიუს დროს კრემლის პროპაგანდისტული მედიაჯგუფის გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვი ვლადიმირ პუტინს საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სთხოვა აზრის გამოთქმა.

„რა დაემართა მაკრონს? სულ გაგიჟდა? აპირებს ფრანგული ჯარების გაგზავნას ჩვენს არმიასთან საბრძოლველად, გალურ მებრძოლ მამალს დაემსგავსა და ამით ყველა ევროპელი შეაშინა", - ჰკითხა მან პუტინს.

საქმე ისაა, რომ დასავლეთის ქვეყნების სამხედროები დიდი ხანია იმყოფებიან უკრაინაში, ისინი სახელმწიფო გადატრიალებამდეც იმყოფებოდნენ, ხოლო სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მათი რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა. ახლა ღიად, მრჩევლების სახითაც არიან და დაქირავებული ჯარისკაცების სახითაც, ზარალსაც განიცდიან, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ უცხო სახელმწიფოების ოფიციალურ სამხედრო კონტიგენტებზე, მაშინ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არც იარაღის მიწოდება არ ცვლის არაფერს და არც ეს არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, - უპასუხა პუტინმა და დასძინა:

შეიძლება ამას სერიოზული გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. თუ, ვთქვათ, პოლონეთის ჯარები შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე, დავუშვათ, უკრაინა-ბელარუსის, საზღვრის დასაცავად ან სხვა ადგილებში, რათა იქ მყოფი უკრაინულ სამხედრო კონტინგენტები ჩაანაცვლონ და მათ ფრონტის ხაზისკენ გადაინაცვლონ, „მაშინ, მე ვფიქრობ, რომ პოლონეთის ჯარები იქიდან აღარასდროს გავლენ. მე ასე მგონია. მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო (პუტინი იყენებს ძლიერი სურვილის აღსანიშნავ ფრაზეოლოგიზმს: Спит и видит - „აიპრესი"), მათ სურთ დაიბრუნონ ის მიწები, რომლებიც ისტორიულად თავისად მიაჩნიათ და რომელიც წაართვა „ხალხთა მამამ“, იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა და გადასცა უკრაინას. მათ, რა თქმა უნდა, სურთ მათი დაბრუნება. და თუ ოფიციალური პოლონური დანაყოფები იქ შევლენ, საეჭვოა, <მომდევნო პერიოდში> მათი უკან გასვლა".

ამის შემდეგ კი, პუტინის თქმით, პოლონეთს შეიძლება მიბაძონ სხვა ქვეყნებმაც, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაკარგეს ტერიტორიების ნაწილი და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება უკრაინის მიერ სახელმწიფოებრიობის თანამედროვე სახით შენარჩუნება.

დმიტრი კისელიოვი ისევ დაუბრუნდა მაკრონს და პუტინს ჰკითხა, ხომ არ გადაწყვიტა მან ამ გზით შური ეძია რუსეთზე აფრიკაში აქტიურობის გამო (იგულისხმება მალიში, ბურკინა-ფასოში და ნიგერში ვაგნერის დაჯგუფების აქტიურობა, საფრანგეთის ჯარების გაყვანის შესახებ მოთხოვნები და საფრანგეთის ატომური სადგურებისთვის საჭირო ურანის მადნებისთვის ახალი მიმწოდებელი ქვეყნების მოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები. მათ გადასაჭრელად მაკრონი გასული წლის ნოემბრის დასაწყისში ყაზახეთს და უზბეკეთს სტუმრობდა - „აიპრესი").

„დიახ, მე ვფიქრობ, რომ არსებობს რაღაც უკმაყოფილება", - უპასუხა პუტინმა, თუმცა უარყო რუსეთის მონაწილეობა აფრიკის ქვეყნებიდან საფრანგეთის გამოძევებაში.

მისი თქმით, რუსეთი არაფერ შუაში იყო, უბრალოდ, ბევრ ქვეყანაში, სადაც საფრანგეთი ისტორიულად მეტროპოლია იყო, არ აქვთ სურვილი მათთან თანამშრომლობის და სურთ განავითარონ ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, რუსეთთანაც. „ჩვენ არ შევხებივართ მათ, ყოფილ ფრანგ კოლონიზატორებს, ამ ქვეყნებში".

ipress.ge