სამართალი
მამუკა მდინარაძე: ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნა დასავლური განწყობისთვის უკიდურესად დამაზიანებელია

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. საქართველოში ვინმე ან რამე თუ გააღვივებს ანტიდასავლურ, ანტიევროპულ განწყობას, ამისი პირველი წყაროა ის, რომ ადეიშვილი ბუნდესტაგში ზის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძემ მოუწოდა ყველას, ეს გაითვალისწინონ.

ადეიშვილის იქ გამოჩენა, სადაც ჩანს ხოლმე, „ფეიკი“ არ არის, ნამდვილად ჩანს. ეჭვი ხომ არ გეპარებათ ვინმეს, რომ ეს ადამიანი იყო ბუნდესტაგში, უმაღლესი დონის შეხვედრებზე? ადეიშვილი უმაღლესი რანგის შეხვედრებზე ხომ არ გვეჩვენება? რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ევროპელი მეგობრები რომ ამბობენ, „ფეიკიაო“ , ფოტოშოფი ხომ არ იყო? წინანდელ ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა იმისი თავი, მონური მორჩილებით რომ რაღაცებს ასრულებდნენ, შეკამათებოდნენ, ეთქვათ, რომ „ფეიკი“ კი არ არის, ფოტოშოპით კი არ არის ჩასმული, ნამდვილად ზის სისხლის სამართლის დამნაშავე, უბინძურესი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი და უბინძურესი სისტემის შემქმნელი ადეიშვილი, სააკაშვილთან ერთად. მართლაც ზის იქ, არავის დაუფოტოშოფებია. საქართველოში ვინმე ან რამე თუ გააღვივებს ანტიდასავლურ, ანტიევროპულ განწყობას, ამისი პირველი წყაროა ის, რომ ადეიშვილი იქ ზის. არ ვაპირებთ ამ საკითხზე ფორმალურ და დიპლომატიურ სკანდალებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბაროს და რაღაც საქმეები ურჩიოს დიპლომატებს. საჯარო განცხადება მიიღონ ცნობად, ინფორმაციად, თუნდაც ხისტ ინფორმაციად ჩვენგან.

მთელი პასუხისმგებლობით, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის სახელით და შესაბამისი ლეგიტიმაციით ვაცხადებთ, რომ არ ვარგა, ძალიან ცუდია, უკიდურესად დამაზიანებელია საქართველოში ევროპული, დასავლური განწყობისთვის უსასტიკესი რეჟიმის თავში მყოფი ერთ-ერთი მთავარი ადამიანის ბუნდესტაგში ჯდომა. მისი იქ ჯდომა აზიანებს დასავლურ განწყობებს საქართველოში. ყველას ვთხოვ, ეს გაითვალისწინონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ხელისუფლების კრიტიკული შეფასებების შემდეგ, განცხადება გაავრცელა გერმანიის საელჩომ, შემდეგ კი განმარტება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.