სამართალი
შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ყველას და ყველაფერს, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კლონებისა

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ყველას და ყველაფერს, ვისაც კი შეიძლება დაპირისპირდებოდა დაწყებული, საქართველოს პარლამენტიდან, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი, სხვა ინსტიტუტები, ბოლოს გახსოვთ საპატრიარქოზე მისი განცხადებები. [დაუპირისპირდა] ყველას გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კლონებისა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მედიასთან გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი ინარჩუნებს თანამდებობას, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა.

რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური დღის წესრიგი, რომ შეენარჩუნებინათ სალომე ზურაბიშვილი იმ თანამდებობაზე იმისთვის, რომ ზუსტად ასეთი რაღაცები ეკეთებინა და შეერყია ქართული სახელმწიფოებრიობა, რა თქმა უნდა, პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა იმპიჩმენტი, უბრალოდ, ჩვენი უბედურება არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირ რყევას ხელს უწყობს. ამიტომ, ერთადერთი, ვისთანაც მას ურთიერთობა აქვს ეს გახლავთ რადიკალური ოპოზიცია და ეს არის არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ არის სწორედ პოლიტიკური ალიანსი, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა - ერთ აბზაცში უარყოფს, რომ თითქოს პოლიტიკაში არ არის ან არ უნდა და მეორე აბზაცში იქვე ამბობს, რომ არათუ უნდა, არათუ ისწრაფვის, საერთო ჯამში, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგაც კი ყოფილა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მმართველი პარტია ემზადება იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს.

ვემზადებით ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს, ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს ორი მიზეზის გამო: ერთი, უკვე აქედანვე ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნების შედეგებს და არ აღიარებენ, ისევე, როგორც არ აღიარეს 2012-2016-2020 წლების არჩევნები, ეს არჩევნები მხოლოდ ზეწოლის შემდეგ აღიარეს. აქაც დარწმუნებული ვართ და ამის ყველანაირ ნიშანს ვხედავთ, ისინი ამას არ აღიარებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ზე-მყარი უმრავლესობა პარლამენტში, რომ რაიმე კითხვის ნიშნის საბაბიც კი არ ჰქონდეს ვინმეს პარლამენტთან დაკავშირებით. მეორე-საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატის მიცემა „ქართული ოცნებისთვის“ ქართველი ხალხის ინტერესშია იმიტომ, რომ ეს იქნება ყველას მიმართ მყარი გზავნილი ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ქართველი ხალხი კედლად დგას საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და არავის მისცემს შესაძლებლობას ეს ქვეყანა შეიყვანოს ომში, ეკონომიკურ კატასტროფაში და უკან დახიოს დეკადებით, რაც გვექნებოდა ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილმა ისაუბრა საარჩევნო კოდექსზე, რომელიც მისი თქმით, სრულად პასუხობს საქართველოს კონსტიტუციას, ევროპულ სტანდარტს, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს და ამიტომ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება.

ბატონი გიორგი სიორიძის ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება მას შემდეგ, რაც ვეტოს დავძლევთ. ის, როგორც იყო ცესკო-ს 17-დან ერთ-ერთი წევრი, ასევე იქნება 17-დან ერთ-ერთი წევრი ცესკო-სი, სხვა რვა ოპოზიციონერ წარმომადგენელთან ერთად ექნება ერთი ხმა და ზუსტად ისეთი ინფორმაციული წვდომა როგორიც აქამდე ჰქონდა. არაფერი იცვლება, იცვლება ერთადერთი რამ, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მოქმედი თავმჯდომარის დისკრედიტირება წინმსწრებით დაიწყეს. ზუსტად ეს იყო გეგმა, რომ შეექმნათ ისეთი სიტუაცია, რომ იძულებული გაეხადათ მოქმედი თავმჯდომარე გადამდგარიყო, რაღაც სხვა ასეთი გარემოება დამდგარიყო, რომ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი გამხდარიყო ცესკო-ს თავმჯდომარე, რაც არის აბსურდი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.