პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით საეჭვოდ დუმს

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. საეჭვო სიჩუმეა ოპოზიციის მხარეს, ემალებიან საზოგადოებას. ხალხი ამას ხედავს და როდესაც ოპოზიცია გავა სოფლებსა და ქალაქებში, ამ სიჩუმის გამო მიიღებს პასუხს, ვინაიდან სიჩუმე ნიშნავს პროპაგანდის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხებში ოპოზიცია არ ერთვება და საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს.

საეჭვო სიჩუმეა ოპოზიციის მხარეს. ფაქტია, ამ საკითხს ან არიდებენ თავს, ან უნდათ, სულ უფრო გააუბრალოონ ეს საკითხი. თუმცა, სინამდვილეში საქმე სულაც არ არის სახუმაროდ და სერიოზულ საკითხთან გვაქვს საქმე. ვერავინ წარმოიდგენდა ხუთი-ათი წლის წინ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწევდა იმის თქმა და მტკიცება, რომ ქალი ქალია და კაცი – კაცი. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დღეს დიდ ბრიტანეთში არის ასეთი მდგომარეობა, რომ პრემიერ-მინისტრს ამაზე საუბარი უწევს. ეს ყველაფერი, ჩვენი გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ მერე ნელ-ნელა, სხვადასხვა დაფინანსებით და მანქანებით გადმოედინება საქართველოში.

ამიტომ მნიშვნელოვანია, აქედანვე იყოს ცხადი, რა არის ქართული საზოგადოების პოზიცია. ამიტომაც ჩვენ აბსოლუტური ღია დისკუსია შევთავაზეთ ყველას, იქნება ეს ოპოზიცია თუ თუნდაც ენჯეოსექტორი, რომ ჩაერთონ ამ საკითხში, დაიცვან საკუთარი პოზიცია, მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ ისინი იმალებიან და ემალებიან საზოგადოებას ამაზე სასაუბროდ და ამ ყველაფერს ხედავს საზოგადოება. გავლენ შემდეგ წინასაარჩევნოდ სოფლებსა და ქალაქებში და ამ სიჩუმის გამო მიიღებენ პასუხს, ვინაიდან სიჩუმე ამ საკითხზე ნიშნავს პროპაგანდის მხარდაჭერას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.