პოლიტიკა
ისლანდიის პრეზიდენტი: მივესალმებით საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ისლანდიაში მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, ქართველ ხალხთან სხვადასხვა სფეროში, – ამის შესახებ ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ისლანდია მიესალმება საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში.

მადლობას გიხდით, რომ გვიმასპინძლეთ საქართველოში, ამ მშვენიერ ქვეყანაში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემი ოცნება იყო, საქართველოს ვსტუმრებოდი. პირველად ქართველ ხალხს 1990 წელს შევხვდი, საბჭოთა კავშირის დანგრევამდე. მე უნივერსიტეტში ვასწავლიდი ინგლისში და ქართველ სტუდენტებს შევხვდი ადგილზე. ამ დღის შემდეგ ჩემი ოცნება იყო საქართველოში სტუმრობა. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს და ჩვენ, ისლანდიაში მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, ქართველ ხალხთან სხვადასხვა სფეროში. ყველა ასპექტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, რეალურად იქნა ჩვენ მიერ განხილული. როდესაც ორმხრივ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ამ კუთხით საქართველოს სრულიად მხარს ვუჭერთ. აგრეთვე, მივესალმებით საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. ამ მიმართულებითაც, მზად ვართ, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ“, – განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა.

ამასთან, გუდნი იოჰანესონმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია მხარდაჭერის გამოცხადება და ნებისმიერი ტიპის აგრესიის დაგმობა.

ისლანდიამ პირველი დღიდან დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში და შესთავაზა უკრაინას მხარდაჭერა, უკრაინელ ხალხს გაუწოდა დახმარების ხელი. ჩვენ მივიღეთ ისლანდიაში ხალხი, უკრაინიდან დევნილი ხალხი მივიღეთ ჩვენს ქვეყანაში, როგორც ვხვდები, საქართველოშიც. ჩვენ გავიაზრეთ ამ პროცესში, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ნებისმიერი ტიპის აგრესია დავგმოთ“, – განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა.

ამავდროულად, ისლანდიის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ვიზიტის ფარგლებში განხილულ თემებზე და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებზე.

რაც შეეხება საქართველოში ვიზიტს, ჩვენი ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გავამახილეთ მწვანე ენერგიაზე. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით შეგვიძლია, ჩვენი თანამშრომლობა უფრო გავაღრმაოთ. ამის მაგალითი გვაქვს ახალქალაქში, სადაც ისლანდიური კომპანია მონაწილეობს და ამ მიმართულებით დამატებით თანამშრომლობას მივესალმებით. როდესაც ბაქოსა და ისლანდიას შორის პარტნიორობა ყალიბდებოდა, სხვადასხვა მწვანე საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობა შევინარჩუნეთ. შესაბამისად, საქართველოსა და რეიკიავიკს რაც აერთიანებთ, არის აგრეთვე თბილი აბანოები. როგორც ვიცით, თბილისშიც არის თბილი აბანოები, ასევე რეიკიავიკში. ამ მიმართულებით, ჩვენ გვჯერა, რომ ისლანდიას აქვს რაღაც, რაც შეუძლია, შესთავაზოს საქართველოში და ამ მიმართულებით, ჩვენ შეგვიძლია, თანამშრომლობის ახალი ხიდები ვეძებოთ საქართველოში.

როგორც ვიცით, საქართველოს აქვს დიდი ლიტერატურული მარაგი. ჩვენ ახლა რუსთაველის დარბაზში ვიმყოფებით. ხვალ გვექნება პატივი, ხელი მოვაწეროთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ისლანდიისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის და ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. აგრეთვე, ტურიზმიც შეიძლება იქნას წახალისებული. რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან საინტერესო ადგილმდებარეობაა, სადაც შევხვდებით როგორც საზღვაო სანაპიროებს, აგრეთვე მთებს. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ჩემი ვიზიტის შემდეგ ისლანდიელების ინტერესი უფრო გაიზრდება საქართველოს მიმართ.

ახლა მსურს, დავუბრუნდე, ჩემს პირად ინტერესებს, მახსოვს, როდესაც პირველად შევხვდი ჩემს ქართველ მეგობრებს, მათ მითხრეს, რომ ჩემი სახელი, იოჰანესონი იქნებოდა თარგმნილი ქართულ ენაზე, როგორც გუდუნა ივანიშვილი. მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი მომდევნო დღეების განმავლობაში. მოხარული ვარ ამით, მოხარული ვარ, რომ დედაქალაქის მიღმაც მოგვეცა ქვეყნის დათვალიერების საშუალება, ვინაიდან ყოველთვის მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო ვიზიტით ჩამოსულ დიპლომატებს, რომ გავიდნენ დედაქალაქის გარეთ. ასე რომ, გუდუნა ივანიშვილი მოხარულია, რომ არის დღეს საქართველოში. აგრეთვე, ჩემმა ქართველმა მეგობრებმა მასწავლეს რამდენიმე ფრაზა, რომელიც არასდროს დამავიწყდება – „მე შენ მიყვარხარ“. მადლობას გიხდით ქართველებს და საქართველოს ჩემი მასპინძლობისთვის“, – განაცხადა ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა.