სამართალი
კახა კალაძე: მთელმა ევროპამ და მსოფლიომ გაიგეს, როგორი თაღლითური გზით ძარცვავდა პენსიონერებს კეზერაშვილი

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. მთელმა ევროპამ და მსოფლიომ გაიგეს, როგორი თაღლითური გზით ძარცვავდა პენსიონერებს კეზერაშვილი, ცხადია, მის დაქირავებულ ლობისტებს არავინ შეხვდებოდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ჯგუფის წარმომადგენლები შეხვედრების ორგანიზებას ცდილობდნენ, მათ შორის აშშ-ის სენატისა და კონგრესის წევრების თანამშრომლებთან და მათ კონგრესმენები არ შეხვდნენ.

ცხადია, რატომ არ ისურვეს შეხვედრა. „ფორმულა“ ვისია, ვინაა ამ ტელევიზიის მფლობელი – კეზერაშვილი. ვიცით, რით არის კეზერაშვილი მთელი ცხოვრება დაკავებული, რას წარმოადგენს, რა რეპუტაცია აქვს. საზოგადოებამ, მთელმა ევროპამ და მსოფლიომ გაიგო ბოლო წლების განმავლობაში რას აკეთებდა, როგორი თაღლითური გზით ძარცვავდა პენსიონერებს. შესაბამისად, ცხადია, არავინ შეხვდებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ექვსთვიანი საქმიანობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. დოკუმენტის მიხედვით, „კორნერსტოუნის“ ლობისტებს კომუნიკაცია ჰქონდათ ისეთი ანალიტიკური ცენტრების თანამშრომლებთან, როგორებიცაა ჯეიმსთაუნის ფონდი, ბრუკინგსი, ჰადსონის ინსტიტუტი, მაკკეინის ინსტიტუტი, ჰერითიჯის ფონდი და ა.შ. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ლობისტების ბოლო აქტივობა 2024 წლის იანვარში ფიქსირდება, რომელიც საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საქმიანობას უკავშირდება.