პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა

 საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა, მათ შორის სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა საქართველო უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. დავითაშვილმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ამ კუთხით გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს არამხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით. ზოგადად, ძალიან ღირებულია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტების კუთხით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის პრიორიტეტულობა და ევროინტეგრაციის პროცესში აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, მათ შორის სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბლოკია, რომელიც, სურსათის უვნებლობიდან დაწყებული, დარგის მოდერნიზაციის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებით დამთავრებული, არაერთ მიმართულებას მოიცავს.

დავითაშვილის თქმით, ქვეყანას სჭირდება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის გაძლიერების კუთხით, რაშიც დიდი წვლილი იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამით და, ზოგადად, აშშ-ის მხრიდან.

მინისტრის შეფასებით, პროგრამა სექტორული პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი და წარმატებული, მრავალმხრივი ფორმატია.

„პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო ამ დახმარებამ არა მარტო ინდივიდუალურად, კონკრეტული ბენეფიციარებისთვის, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთლიანად სოფლის მეურნეობის განვითარებაში. პროგრამა შედეგიანი იყო ბევრი კუთხით – სოფლის მეურნეობის ამა თუ იმ მიმართულების მოდერნიზაცია, ასევე ინსტიტუციური გაძლიერება, სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობა. ფაქტობრივად, ეს ეხებოდა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ყველა მიმართულებას. ექსპორტზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარება, ისევე როგორც, ზოგადად, ეკონომიკაში ექსპორტის განვითარება, ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროგრამამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პრაქტიკულად საქართველოს ყველა რეგიონში, ხელი შეუწყო სხვადასხვა აგრობიზნესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, მათ დაძლევას, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას. განხორციელდა 30 მილიონი აშშ დოლარის თანაინვესტიცია, პროგრამის ბენეფიციარმა საწარმოებმა კი 148 მილიონი აშშ დოლარით გაზარდეს გაყიდვები.

ლევან დავითაშვილმა სექტორში არსებულ გამოწვევებზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ გამოწვევად რჩება ლოგისტიკა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტში იგეგმება სატვირთო ტერმინალის გახსნა, რომელიც მალფუჭებადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სურსათის რეალიზაციას გააუმჯობესებს. დავითაშვილის თქმით, ეს ახალი სტიმული იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან გვაქვს სოფლის მეურნეობის რეფორმირებისა და განვითარების მიმართულებით. ჩვენ ამ კუთხით მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე ორგანიზაციებმა და კერძო სექტორმა.