პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოსთვის ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინის მაგალითად მოყვანა იგივეა, რომ დიდოსტატი პირველთანრიგოსნებს შეადარო

 საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს ადგილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ, კვლევების მიხედვით, საქართველო ალბანეთზე, მოლდოვასა და უკრაინაზე ყველა პარამეტრით მაღლა დგას.

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქართველი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს.

„რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაჟინებით მოითხოვს სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემას. ეს რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, შეუმდგარობის აღიარება და ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია, ყველა ქართველისთვის გასაგებია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს. მეტიც, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა, ვინც მისაბაძ მაგალითად ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას გვისახავს, არაკეთილსინდისიერია. ნებისმიერი კვლევის მიხედვით, საქართველო ამ ქვეყნებზე ყველა პარამეტრით რამდენიმე თავით მაღლა დგას. საქართველოსთვის მათი მაგალითად მოყვანა იგივეა, რომ დიდოსტატი პირველთანრიგოსნებს შეადარო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.