წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს სერიის გაგრძელებას საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში შესაძლო ცვლილებების შესახებ ამ შემთხვევისთვის ახალშემოღებული მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე გაფართოებული უფლებამოსილებებით ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძეთი შეცვლის შემდეგ.რეალური საფრთხეების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების აუცილებლობა ნაკარნახევია უცხოური აგენტების - დასავლელი პროპაგანდისტების მიერ საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაციით.
ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისა და მისი მომსახურე ტელეარხების ტელეწამყვანების მწირი კოგნიტიური შესაძლებლობები გამორიცხავს იმპროვიზაციის შესაძლებლობას - პრიმიტიული ფეიკი რუსეთის განზრახვების შესახებ, უკრაინის შემდეგ დაიპყროს მოლდოვა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანა და საქართველო – დასავლური პროპაგანდის რუტინული მაგალითია, რომლის სტილიც, როგორც ცნობილია, არ გამოირჩევა კრეატიულობით. ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიების მსგავსად, დასავლური სადაზვერვო სამსახურების პოლიტტექნოლოგიურ ლაბორატორიებში შეთხზულ ზემოაღნიშნულ დაუსაბუთებელ პოსტულატს რუსული სამხედრო საფრთხის შესახებ, მიუხედავად პირადად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ტაკერ კარლსონსა და პიოტრ ზარუბინთან ბოლო ინტერვიუებში მთლიანად უარყოფისა, დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებენ დასავლეთის ნებისმიერი ქმედების გასამართლებლად უკრაინასა და შავ ზღვაზე, კერძოდ - ბრიტანეთის გეგმებისა სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და საქართველოში, რომლებიც გავლენას მოახდენს აზერბაიჯანზე და უკვე დააინტრიგა ანკარა.
დღეს საქართველოში მმართველი პარტია 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ „კრეფს სიჩქარეს“. ამ ფენომენს ბევრი ხსნის „ქართული ოცნების“ “გვიან გონსმოსვლით” და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, რაც მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს. სააკაშვილის ყოფილი ბანკირის, მამუკა ხაზარაძის, აწ უკვე რადიკალური ოპოზიციური პარტიის ლიდერის მხილების შემდგომ, რომელიც ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილის გაძევების პირობას დებს, ასევე სააკაშვილის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომეა ზურაბიშვილის გამოაშკარავების შემდეგ, რომელიც კოალიციური მთავრობის შესახებ ოპოზიციის გაიდლაინს ლობირებს, დასავლელი კურატორების ლუსტრაციის ჯერი დადგა, რაც ხდება ეპიზოდურად და წერტილოვნად, რადგან „ჰაერში ფეხსაცმლის გამოცვლა“ უსაფრთხო საქმე როდია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც ისედაც „შერაცხულია“ მისი ოპონენტების მიერ კრემლის ინტერესების გამტარებლად.
ამ დროს კი სოხუმში ბევრად უფრო სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, ვიდრე ეს თბილისელ ქართველ „ექსპერტებს“ ჰგონიათ, რომელთა შეფასებებიც, როგორც წესი, ზედაპირულია, მაგრამ პიარის თვალსაზრისით სკანდალური და გამართლებულია, რადგან კარგად იყიდება. მედიაზე ფართო წვდომით, დღეს ისინი ირწმუნებიან, რომ „აფხაზები ბოლოსდაბოლოს გონს მოეგნენ და რუსებს აძევებენ, ამიტომ დროა გამოვიყენოთ მომენტი“.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ „ცნობადი სახეების“ ეს კატეგორია, როგორც მათ ქართველ საზოგადოებაში უწოდებენ, ემხრობოდა რუსეთთან სასწრაფო და აუცილებელ დიალოგს, სთავაზობდა ხელისუფლებას საკუთარ თავს მომლაპარაკებლად, რადგან, აქაოდა, „სოხუმისა და ცხინვალის გასაღები მოსკოვში ძევს და მხოლოდ მას შეუძლია აიძულოს აფხაზები და ოსები საქართველოში დაბრუნდნენ“. დღეს მათ აზრი შეიცვალეს და რუსები, როგორც ჩანს, აღარ არიან საჭირო... პოზიციების ხშირი ცვლილება დამახასიათებელია საზოგადოებრივი აქტივისტების ამ კატეგორიისთვის, რომლებიც საქართველოში რატომღაც ითვლებიან „რუსეთუმეებად“ - უხეირო ანალიტიკოსები, წინა რეჟიმის დროს მათ სააკაშვილი სწყალობდა, შემდეგ მის კრიტიკოსებად იქცნენ, მერე კი - "ქართული ოცნების" ნდობით აღჭურვილ პირებად, სალომეას თაყვანისმცემლებად, მოგვიანებით - ზურაბიშვილის კრიტიკოსებად და ა.შ. და ა. შ.
არადა წინა პუბლიკაციაში ნახსენები ანტირუსული გამოვლინებები აფხაზეთში, საქართველოსთვის დაგებული მახეა! იოლია იმის გაგება, ვის მიერ და რისთვის; დასაწყისისთვის ვუპასუხოთ კითხვას: რომელი ქვეყანაა ყველაზე მეტად დაინტერესებული რუსეთისთვის ზიანის მიყენებით მსოფლიოში? შესაბამისად, მსოფლიოს რომელი ქვეყანაა სხვებზე მეტად დაინტერესებული უკრაინაში ომის გაგრძელებით? სწორია - დიდი ბრიტანეთი! უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, აფხაზეთის მკვიდრმა ქართველმა დავით არახამიამ ერთი დარტყმით აანაზღაურა მის წინააღმდეგ დაგროვილი ყველა ნეგატივი, როცა საჯაროდ განაცხადა, რომ „კიევს რომ ყურად არ ეღო 2022 წლის გაზაფხულზე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯონსონის რჩევები, ომი ჯერ კიდევ მაშინ შეწყდებოდა“. სწორედ ამიტომ, პუტინმა, ჟურნალისტი ზარუბინის კითხვაზე, თუ რა მოხდებოდა, თუკი კიევი არ მოუსმენდა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის რჩევებს, მოიყვანა მოსკოვთან მოლაპარაკებებში მონაწილე არახამიას სიტყვები. „ბატონმა არახამიამ ეს თავად თქვა! ენაზე ხომ არ ვექაჩებოდით?! თქვა რასაც ფიქრობდა. რატომ თქვა ეს, არ ვიცი, მაგრამ ასეთი გულახდილი ადამიანია... მანვე თქვა, რომ სტამბოლში წარმოქმნილი შეთანხმებები სრულად რომ განგვეხორციელებინა, ომი წელიწად-ნახევრის წინ შეწყდებოდა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომ გაჩეჩილი ბორისის ნაცვლად, დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დავარცხნილი სუნაკია - სუნიანი ანგლო-საქსონური ინტერესები პრემიერ-მინისტრების ცვლით არ იცვლება: „ის ფაქტი, რომ მათ (კიევის ხელისუფლება - ა. ხ.) დაყაბულდა მისტერ ჯონსონის მოთხოვნასა თუ რჩევა-დარიგებას, ძალიან სამწუხარო ჩანს. და სად არის ახლა მისტერ ჯონსონი?! ომი კი გრძელდება...“, - განაცხადა პუტინმა კარლსონთან ინტერვიუში. და, მაშასადამე, დიდი ბრიტანეთი უწინდებურად დაინტერესებულია ომის გაგრძელებით - რუსეთის დასუსტებით. ამ მიზნით და ასევე მიზნებისთვის:
1 - საქართველოსა და სომხეთში მაღალხარისხიან სასმელ წყალსა (რაც დიდ ბრიტანეთს არ გააჩნია) და სხვა ბუნებრივი რესურსების უმდიდრეს მარაგებზე წვდომა;
2 - ჰეიდარ ალიევის სახელობის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენზე კონტროლის მოპოვება, რომლის მფლობელი, სამშენებლო და ექსპლუატაციის ოპერატორი არის საერთაშორისო კონსორციუმი BTC Co, ხოლო ყველაზე დიდი აქციონერი British Petroleum (BP);
3 – სრული კონტროლის მოპოვება ასევე იმის გამო, რომ ნავთობსადენის მესამედი გადის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორის - აზერბაიჯანისა და რუსეთის მიმართ ნეიტრალური საქართველოს ტერიტორიაზე, რომელმაც უარი თქვა რუსების წინააღმდეგ ომზე, რაც ლონდონის ნავთობსადენის ბედით შეშფოთებას შეშფოთებას იწვევს;
4 – წვდომა შავ ზღვაზე, საქართველოს შავი ზღვის პორტებსა და ტერმინალებზე - ბათუმი, სუფსა, ფოთი და ანაკლია, როდესაც ეს უკანასკნელი აშენდება,
დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულია სომხეთში დამკვიდრებით, იქიდან რუსეთის განდევნით (გამოდის), და საქართველოში, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის პროვოპცირებით აფხაზეთში (არ გამოდის). მაგრამ რაკიღა საქართველო ვერ წააქეზა უკრაინის დასახმარებლად აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზებზე თავდასხმისკენ, დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა ქართველები სოხუმში შეეტყუებინა ხელსაყრელი მომენტის ილუზიით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად - ანუ უკვე არა უკრაინის, არამედ საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე!
ანკარა დიდი ხანია დაინტერესებულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, რომლის ორ მესამედამდე თურქეთის ტერიტორიაზე გადის, შესაბამისად, საქართველოს საზღვაო პორტ-ტერმინალების კონტროლით, ასევე სომხეთის სიუნიკის ოლქის გავლით დერეფნის კონყტროლით - აზერბაიჯანის გავლით - კასპიის ზღვამდე. და, რა თქმა უნდა, ლონდონი და ანკარა დაინტერესებულნი არიან საქართველოთი, როგორც სატრანსპორტო ჰაბით „შუა დერეფნის“ (Middle Corridor), „აღმოსავლეთი-დასავლეთის“, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების - „ერთი სარტყელი-ერთი გზა“ და „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მარშრუტების კვეთაზე.
აშკარაა ლონდონისა და ანკარის კოოპერაცია, რომელთა აგენტებმაც მოახდინეს აფხაზეთის ბოლო მოვლენების პროვოცირება რუსეთისგან მისი დაშორების მიზნით, შეუქმნეს რა ილუზია ქართველთა ზემოხსენებულ კატეგორიას - ბაქიებს, რომ „აფხაზები გონს მოეგნენ და ქართველებს პურ-მარილით დახვდებიან და რომც არ დახვდნენ, განაწყენებული რუსეთი მათ არ დაეხმარება, ხოლო რუსების გარეშე აფხაზებს იოლად დავძლევთ!“ და თუ საქართველო ამჯერადაც არ წამოეგება სატყუარას, თბილისში მოაწყობენ სახელმწიფო გადატრიალებას „ევრომაიდანის“ სტილში, რადგან ამჟამინდელი ოპოზიცია და უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მარტო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე ოცნებობენ! სწორედ ამიტომ პოლონეთი და ყველა სხვა მოითხოვენ სალომეისგან სააკაშვილის შეწყალებას, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი იოლად დაამყარებენ კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე მის ლოგისტიკურ მარშრუტებთან, მაგისტრალურ მილსადენებთან და საზღვაო პორტებთან ერთად - ვითომდა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენისა და თურქეთის საზღვრების დასაცავად რუსეთის გარდაუვალი აგრესიისგან.
სწორედ მოვლენების განვითარების ასეთი სახიფათო სცენარის თავიდან ასაცილებლად გააკეთა როქი ბიძინა ივანიშვილმა, ადგილები შეუცვალა პრემიერ-მინისტრ ირაკლისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლის. ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, აუღელვებელი ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთ შეძლებს დასავლეთს დაუმალოს, რომ საქართველოს უმაღლესმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კარგად იცის დიდი ბრიტანეთის გეგმები; რომ ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთესად (ეს უკანასკნელი დასავლეთში ასოცირდება ეროვნული ტრადიციებისადმი ერთგულებასთან და საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის შესახებ, ჩანაწერთან) შეძლებს ევროპის, ნატოსა და აშშ-ს დამშვიდებას, დარწმუნებას ოფიციალური თბილისის „უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსის“ ურყევობაში. რეზერვში კი ბიძინა ივანიშვილს ჰყავს დედაქალაქის სტილური მერი კახი კალაძე, რომელმაც, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრობისას, მშვენივრად მოაგვარა ყველა საკითხი „გაზპრომთან“ მოსკოვში.
თუმცა, ადრე თუ გვიან, დადგება მომენტი, როდესაც საქართველო ვერ აიცილებს არჩევანს ევროკავშირის ცხრა დათქმისა და უფლის ათ მცნებას შორის. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს უბრალოდ არ მიიღებენ ევროკავშირში, რომელმაც შესაძლოა არც იარსებოს 2030 წლისთვის, ხოლო თავის კულტურაზე, ტრადიციებსა და მართლმადიდებლობაზე, მეზობლებთან მეგობრობაზე და მატერიალურ სარგებელზე, რომელიც თავად უვარდება ხელში, უარის თქმით საქართველო უკრაინის ბედს გაიზიარებს.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 21 თებერვალი
საქართველო, თბილისი