სამართალი
შალვა პაპუაშვილი: როცა ტყუილმა არ გაჭრა, სააკაშვილმა დაივიწყა ავადმყოფობის მითი და გადაეშვა რადიკალიზაციის მორევში

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. დეზინფორმაციის ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ოპოზიციამ ჩაწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში, სააკაშვილს უკავშირდება - როცა პრიმიტიულმა ტყუილმა არ გაჭრა, სააკაშვილმა სასწრაფოდ დაივიწყა ავადმყოფობის მითი და გამოჯანმრთელებული პირდაპირ გადაეშვა რადიკალიზაციის მორევში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დეზინფორმაციის შედეგია, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ბევრს დარჩა უარყოფითი განცდა და აღქმა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება რაღაცას არასწორად აკეთებს.

„დეზინფორმაციის ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ოპოზიციამ ჩაწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. მისი სამართლიანი პატიმრობა და კლინიკაში სასჯელის მოხდის პერიოდი სავსე იყო პირდაპირი და დაუსაბუთებელი ჭორებით. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და სიკვდილის პირას იყო. როცა ამ პრიმიტიულმა ტყუილმა არ გაჭრა, სააკაშვილმა სასწრაფოდ დაივიწყა ავადმყოფობის მითი და გამოჯანმრთელებული პირდაპირ გადაეშვა რადიკალიზაციის მორევში.

მოგვიანებით, უცხოელი აგენტების ამერიკული რეესტრის მეშვეობით გაირკვა და მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციების, ზოგიერთი პოლიტიკოსის, მსოფლიო პრესასა და ტელევიზიებში გამოქვეყნებული სტატიებისა და ინტერვიუების უკან ლობისტებისთვის გადახდილი მილიონობით დოლარი იდგა და დგას. ისევ და ისევ სააკაშვილის დეზინფორმაციას სამწუხაროდ, თან ახლდა არასამთავრობო სექტორის ნაწილის და ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხარდაჭერა.

ტყუილი მალე გამოაშკარავდა, ყველამ კარგად დაინახა, სად დგას სიმართლე. თუმცა, აქაც სამწუხაროდ, ბევრს ქვეყნის შიგნით და გარეთ მაინც დარჩა უარყოფითი განცდა, აღქმა, შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება რაღაცას არასწორად აკეთებს. სწორედ დეზინფორმაციის შედეგია ეს უარყოფითი აღქმები, როგორც ეს იყო არჩევნების ვითომდა გაყალბების და სანქციების ვითომდა გვერდის ავლის შემთხვევებში. ამ და სხვა შემთხვევებში სახელმწიფოსთან ერთად დარტყმის სამიზნე ქართული მართლმსაჯულება ხდება. მაშინ, როცა სურდათ ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირება სწორედ ასეთ საქმეებს იშველიებდნენ მტკიცებულებად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.