პოლიტიკა
„ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ფარგლებში პრეზიდენტმა პირველი შეხვედრა ოპოზიციასთან გამართა

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას ინიცირებული „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ფარგლებში 7 თებერვალს პირველი შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართა.

პირველი შეხვედრა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში პარტია „ლელოს“ ლიდერებთან, მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან გამართა. ასევე გაიმართა შეხვედრა ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრთან თეონა აქუბარდიასთან. ასევე გაიმართა შეხვედრა „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ალიანსის ლიდერებთან, ზურაბ ჯაფარიძესთან და გიგა ლემონჯავასთან.  

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა ეძღვენებოდა სწორედ ამ გეგმის განხილვას და მომავალ ხედვას, თუ როგორ მოხდეს ქართველი ხალხის ეროვნული არჩევნის, ანუ ევროპული არჩევნის, მიღწევა ძალიან მალე და ძალიან ეფექტურად“. მან ასევე აღნიშნა: ჩვენ ვიცით, რომ დღეს საქართველოს მართავს რუსული ხელისუფლება, რუსული მეთოდებით, რუსული ფულით. ამ ხელისუფლებას სათავეში უდგას ბიძინა ივანიშვილი, რომელიც კაპიტალს ეზიდება რუსეთიდან“. „ჩვენ ყველა იმ ქართველ პატრიოტთან ერთად, ვისაც უნდა ქვეყნის ნორმალური განვითარება, ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში არ იყოს კორუფცია, ვისაც უნდა, რომ განათლება იყოს მაღალ დონეზე, ვისაც უნდა, რომ ბევრი სამუშაო ადგილი იყოს, ვისაც უნდა, რომ ემიგრაციიდან დაბრუდეს, ვისაც უნდა, რომ ევროპაში ნამდვილი, ღირსეული წევრები გავხდეთ ძალიან სწრაფად, ჩვენ ამას შევასრულებთ ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად“, – დასძინა მან.

თეონა აქუბარდიამ განმარტა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა არ ისახავს მიზნად პოლიტიკური ალიანსის შექმნას, როგორც ამას „ქართული ოცნება“ წარმოაჩენს, არამედ მისი მიზანი საქართველოს ევროპული მომავლის იდეის გარშემო პარტიების გაერთიანებაა. მისი თქმით, ინიციატივა ფოკუსირებულია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებაზე. აქუბარდიამ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან ცალსახა მოთხოვნაა, რომ სხვადასხვა საკითხების ირგვლივ დაახლოვდნენ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება და რომ „ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სინერგია გაძლიერდეს“. აქუბარდიამ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის მხრიდან საუბარი იყო კონკრეტულ დოკუმენტზეც, რომლის მიზანიცაა, რომ საერთო პრინციპებისა და პოზიციების ირგვლივ მოხდეს შეთანხმება არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილულ ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პირველი იყო ქართველი ემიგრანტების მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში – საკითხი, რომელსაც მისი პარტია ბოლო თვეების მანძილზე ლობირებს. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი დაინტერესდა დეტალებით და არსებული ვითარებით. მეორე საკითხი ეხებოდა რეფორმებს, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის და გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად უნდა განახორციელოს. ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტს მნიშვნელოვნად მიაჩნია პოლიტიკური პარტიების ერთობლივი მუშაობა საქართველოს პროგრესისთვის საჭირო რეფორმებზე საერთო ხედვის ჩამოსაყალიბებლად. ეს გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო რეფორმას, საარჩევნო რეფორმას, კორუფციასთან ბრძოლა და დეოლიგარქიზაციას.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის პლატფორმაში გაწევრიანებას არ აპირებს. პარტიის წარმომადგენელმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პლატფორმას ის ადამიანები უერთდებიან, ვისთვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია გადის მიშა სააკაშვილის გათავისუფლებაზე, შეწყალებაზე ან რაღაც ასეთ ფორმაზე“. მისი თქმით, ეს პარტიისთვის მიუღებელია. პარტიამაც გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პლატფორმის ფუნქცია პარტიისთვის „გაუგებარი“ იყო და რომ ის „კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობისგან” გამოყენებული იქნებოდა სააკაშვილის პოლიტპატიმრობის სტატუსისა და შეწყალების საკითხის ირგვლივ დისკუსიის წამოსაწყებად“.