პუბლიკაციები
სოსელო

  ამჯერად თვითონ გადაწყვიტა პირადად ხლებოდა "ივერიის" რედაქტორს თბილისის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის მსმენელი და უშუალოდ მისთვის გადაეცა ლექსი, რომელიც საპროგრამოდ მიაჩნდა. 1895 წლის დეკემბერი იწურებოდა.

ილია ჭავჭავაძე მაშინ 58 წლისა ბრძანდებოდა. გასროლამდე, აგვისტოს ხვატით დახუთულ წიწამურთან რომ გაისმა, ჯერ კიდევ 12 წელი იყო.

სოსო ჯუღაშვილს კი იმ დღეს, 1895 წლის 21 დეკემბერს, ზუსტად 16 წელი შეუსრულდა. ცხოვრების გზა უკვე არჩეული ჰქონდა, აკი თვითონ წერდა ამის შესახებ: «В революционное движение я вступил с 15-летнего возраста, когда я связался с подпольными группами русских марксистов, проживавших тогда в Закавказье. Эти группы имели на меня большое влияние и привили мне вкус к подпольной марксистской литературе».

... და მაინც, ილია ამისთვის ერთადერთი ღმერთი იყო.

ლექსი, რომელიც სოსომ შეასწორა და მრავალგზის გადაწერა თავისი გაკრული, მტკიცე ხელით, მომავალი სტალინის ხასიათს რომ მიანიშნებდა, შთაგონებული იყო მაცხოვრის განსაცვიფრებელი ხვედრით, მისი ლოცვით: "მამაო ჩვენო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ".

და კიდევ ილიას წინასწარმეტყველური ლექსით, რომელიც მან წიწამურამდე თითქმის ნახევარი საუკუნით ადრე დაწერა, როცა სულ 21-სა იყო.

"ლოცვა“

მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა! მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა: არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე განმინათლდესცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი გთხოვდე: "შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!" (ილია ჭავჭავაძე. რჩეული ნაშრომები, ტომი 1, თბ., 1985, გვ.35).

ზოგს ჰგონია, რომ ილიამ მისი ვერაგული მკვლელობის წინადღეებში დაწერა ეს ნათელმხილველი ლექსი და არა 49 წლის წინ, თავის მოწამებრივ აღსასრულამდე. ასევე ბევრს ჰგონია, რომ აკაკის გასაოცრად დაუნდობელი სტრიქონი: "ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველო!" პოეტმა ილიას მკვლელობის შემდეგ დაწერა. სინამდვილეში ლექსი "ვედრება" დაწერილია 1864 წელს, ესე იგი, ილიას მკვლელობამდე 43 წლით ადრე. აი, ეს სტროფი:

                                       "უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით,

                                       გულს თუ დამადგა, ვერც დავახველო...

                                       ამას კი ვიტყვი, გინდა მომკალით:

                                       ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველო!"