პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს თანამშრომლობის ხიდების მშენებლობას

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში განვიხილავთ ისეთ საკითხს, როგორიც არის ევროკავშირის გაფართოება, როგორც მთელი ევროპის მშვიდობაში, სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ზრდაში სტრატეგიული ინვესტიცია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის მოსურნე ქვეყანათა ჯგუფს სულ ახლახან შეუერთდა.

„გასული წლის ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ მიერ გაწეული დიდი შრომისა და მიღწეული შედეგების აღიარება, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც სათანადო მოთმინებასა და დიდ შრომას მოითხოვს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების შესწავლა, რომლებიც წლების განმავლობაში ამ გზას ადგანან და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში ღირებული გამოცდილება დაუგროვდათ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ქართულ კანონმდებლობაში სხვადასხვა დირექტივის გათვალისწინება ხდება. პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადებით, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტთაშორისი კონფერენცია მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო ინტერესების სფეროებში.

პაპუაშვილის განმარტებით, იგულისხმება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმოების პროცესი, გაწევრიანებამდე გათვალისწინებული დახმარება, ევროპეიზაციის პროცესის უკეთ მართვა და სხვა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოსთვის საინტერესოა ის გამოწვევებიც, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ამ გზაზე.

„იმედია, საქართველოს გამოცდილებაც საინტერესო იქნება დღევანდელი ღონისძიების მონაწილეებისთვის. ახლო მომავალში ჩვენ, ყველა ერთი დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვიქნებით. შესაბამისად, მზად ვართ, დღესვე ვიყოთ თქვენი მჭიდრო და ღირებული პარტნიორი, ასევე, ხელი შევუწყოთ დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს შორის თანამშრომლობის ხიდების მშენებლობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენი ქვეყნების წინსვლისათვის მნიშვნელოვანია, თანდათან მოგვეცეს ევროკავშირის ერთიანი ბაზრით გათვალისწინებულ თავისუფლებებზე მეტი წვდომა, რაც მეტ ხელშესახებ შედეგს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს.

„პროგრესული ინტეგრაცია ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების მომზადების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. გასულ წელს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის ტრანსპორტის თანამეგობრობაში დამკვირვებლის სტატუსი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს პროგრესულ ინტეგრაციას ევროკავშირის სატრანსპორტო ბაზარზე. ასევე, საქართველომ განაცხადი შეიტანა ერთიანი ევროგადახდების სივრცის, როუმინგის ერთიანი სივრცისა და ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის წევრობაზე. ჩვენი მოქალაქეები განსაკუთრებით სწორედ ამ გზით იგრძნობენ ევროკავშირიდან მომდინარე სიკეთეებს. მოხარული ვარ, რომ დღეს ამ ახალი ფორმატის ფარგლებში გმასპინძლობთ. დარწმუნებული ვარ, წინ საინტერესო განხილვები გველოდება. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენი ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია და ერთმანეთის მხარდაჭერა ამ გზაზე აუცილებლად მიგვიყვანს სანუკვარ მიზნამდე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.