ამთავითვე ვიტყვი: თავდაპირველად სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ვოვას ძე პაშინიანმა თვალისდაუხამხამებლად გადაულოცა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს და ამაში რუსეთი დაადანაშაულა, რომელიც სთავაზობდა ერევანს ბაქოსთან მოლაპარაკებას სომხეთისათვის ხელსაყრელი პირობებით. პაშინიანმა ჩეხეთში უაპელაციოდ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ცნობდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის საზღვრებში, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი სწორედაც რომ აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი იყო.
ამჯერად პაშინიანი ცდილობს, აზერბაიჯანს გადაულოცოს სომხეთის კუთვნილი სიუნიკის ოლქიც, რომელზეც გადის მდინარე არაქსის გასწვრივ არსებული ნავთობსადენი და სომხეთის ირანთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. ამ მიზნის მისაღწევად პაშინიანი ყოველდღიურ რეჟიმში უჩხიკინებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სთავაზობს ახალახალ ინიციატივებს, რათა დაჩქარებული წესით მოეწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას. უფრო მეტიც, პაშინიანი მზადაა, წავიდეს ნებისმიერ დათმობაზე, რასაც არც კი ითხოვს ოფიციალური ბაქო, შოკირებული სომხეთის პრემიერის უპრეცედენტო ღალატით.
ამ მიზნით და იმის შეგრძნებით, რომ ახლოა შურისგების დღე, პაშინიანი ცდილობს, მიინიჭოს მაქსიმალური ლეგიტიმურობა, რის გამოც მოულოდნელად თბილისში ჩამოდის და ერთგვარად აიძულებს პრემიერ ღარიბაშვილს, ხელი მოაწეროს საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც დღეს არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს და არ არის ახალი შინაარსის შემცველი, როგორც, მაგალითად, საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი.
აღნიშნული პროვოკაცია ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერის სავარძლის დათმობად დაუჯდა რამდენიმე მიზეზის გამო: „ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომლის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბრძანდება, 2012-დან დაწყებული, უკვე მე-12 წელია, აცილებს საქართველოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტს, ხოლო ცბიერმა პაშინიანმა, რომელმაც, პრაქტიკულად, დაარღვია ჯერ კიდევ 2002 წელს მიღებული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უკვე აღარ არის რუსეთის სამხედრო მოკავშირე და მზადაა, გიუმრისა და ერევნის რუსული ბაზები ნატოს კონტინგენტით ჩაანაცვლოს. უფრო მეტიც, პაშინიანი ამ პროვოკაციაში საქართველოს ჩათრევასაც აპირებს, აქაოდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით სომხეთი ამიერიდან საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე არისო!
განსაკუთრებით თვალშისაცემია, რომ პაშინიანმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის საიუბილეო მე-80 წლისთავის წინ, როცა პარალელურად ერევანში შებილწეს ლენინგრადის ბლოკადაში მოყოლილი ბავშვების მონუმენტი! მანამდე კი 2024 წლის 9 იანვარს სომეხი ვანდალის თბილისელმა თანამოაზრემ შერყვნა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი სამების ტაძარში.
და მაინც, პაშინიანის პროვოკაციის გვირგვინად იქცა ღარიბაშვილთან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებისთანავე კვალდაკვალ, სომხეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც ის შეუერთდა ე.წ. რომის სტატუტს და ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე ვალდებულია, დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუკი ის სომხეთში ჩაადგამს ფეხს!
რჩება კი ამის შემდეგ ვინმეს ეჭვი, რომ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა?
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 2 თებერვალი
საქართველო, თბილისი