საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, პოლიტიკურ სასაკლაოდ არის გადაქცეული, თავიანთი წარსულიდან და დღევანდელი რეპუტაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი თავს აარიდებს მათთან აფილირებას, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი აცხადებს.
წილოსანი პოლიტიკურ გადაჯგუფებებზე საუბრობს და იმაზე, თუ რამდენად აქვს რესურსი მესამე ძალას და, მათ შორის, ნიკა გვარამიას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნოს.
მისი განცხადებით, პოლიტიკური პარტიების გამიჯვნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მხოლოდ ფორმალობაა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, პოლიტიკურ სასაკლაოდ არის გადაქცეული. იმ თავიანთი წარსულიდან და დღევანდელი რეპუტაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც ფიქრობს, რომ დარჩეს ოპოზიციურ ფლანგზე, რა თქმა უნდა, თავს აარიდებს მათთან აფილირებას, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ახალი თუ ძველი ძალა გააგრძელებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასე ვთქვათ, დაშორების პროცესს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ფორმალური და მიზნად ისახავს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას, რათა ხმების, გარკვეულწილად, გახლეჩა და მეტის წაღება შეძლონ, მაგრამ მოტყუების საშუალებას არც ჩვენ მივცემთ და, ვფიქრობ, ამომრჩეველიც საკმაოდ გონიერია, რათა ეს გადალაგებები მათ ტაქტიკურ სვლებად მიიღონ და სწორად შეაფასონ, ვიდრე იმად, რომ რეალურად ახალი პოლიტიკური ძალა იბადება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან.