საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული პროცესის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ გუნდის სხვა წარმატებულ ლიდერებს მიეცეთ საშუალება, მათაც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.
„ახლა რაც შეეხება გადადგომის მიზეზებს, იცით, რომ ყველაფერი განვმარტე. ძალიან მარტივად გეტყვით – ჩვენც გუნდში აბსოლუტურად შიდა დემოკრატიაა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრებიდან, შეგიძლიათ გადახედოთ გვარებს და მათ მოღვაწეობას, ყველაზე მეტ ხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი. 2011 წლიდან გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული პროცესის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ გუნდის სხვა წარმატებულ ლიდერებს მიეცეთ საშუალება, მათაც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. თავიდანვე გეგმაც ასეთი იყო. მე საზოგადოებას განვუმარტე, რომ ორი არჩევანი არსებობდა. მე ვფიქრობდი. გუნდმა შემომთავაზა, რომ დავრჩენილიყავი ზაფხულამდე. მე პირველი არჩევანი ვარჩიე, ანუ ახლავე გადადგომა, ვინაიდან, რა თქმა უნდა, საჭირო არის, უფრო მეტი დრო დავუთმო პარტიას, ხოლო ირაკლი კობახიძემ – მთავრობას და მთავრობის მუშაობას. აი, ეს არის, სხვა ახალს მე ვერ გეტყვით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, ჰკითხა თუ არა ბიძინა ივანიშვილს გადადგომის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გამართა კონსულტაცია პოლიტსაბჭოსთან.
„კიდევ ვიმეორებ, ჩემს გამოსვლაში ვთქვი, ახლა ახალს ვერ გეტყვით და არ გეტყვით. მე გითხარით, რომ მქონდა კონსულტაციები პოლიტსაბჭოსთან. ვამაყობ ჩემი წარმატებული წლებით. ახლა პარტიას უნდა მოვახმარო ჩემი გამოცდილება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.