საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მიღებას გულითადად მივესალმებით. საქართველო ასევე ფოკუსირებულია თავის განზრახვაზე, შეუერთდეს ნატო-ს. ამაში დიდი ბრიტანეთი მტკიცე მხარდამჭერია, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.
მისივე თქმით, ღონისძიებაზე, სადაც საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობების საკითხი განიხილება, წარმოდგენილი დოკუმენტი ფარავს ორ სფეროს, რომლებსაც საქართველომ უნდა მიაქციოს ყურადღება, როცა აგრძელებს პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით.
„ძალიან მიხარია ამ ღონისძიებაზე ყოფნა, სადაც განიხილება საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობების საკითხი. ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება იყო გამახვილებული საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მიღებაზე და ჩვენ ამას გულითადად მივესალმებით, მაგრამ საქართველო ასევე ფოკუსირებულია თავის განზრახვაზე, შეუერთდეს ნატო-ს. ამაში დიდი ბრიტანეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვართ ნატო-ს საკონტაქტო წერტილი, ჩვენს მოკავშირე რუმინეთთან ერთად, ჩართული ვართ საჯარო საქმიანობაში, რათა წამოვწიოთ ის სარგებელი, რომელსაც საქართველოს ნატო-ს წევრობა მოუტანს. დღეს წარმოდგენილი დოკუმენტი ფარავს ორ სფეროს და ეს ის სფეროებია, რომლებსაც საქართველომ უნდა მიაქციოს ყურადღება იმ დროს, როდესაც ქვეყანა აგრძელებს პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. პირველი არის პროგრესის გაგრძელება დემოკრატიისა და რეფორმების კუთხით. როგორც ევროკავშირისთვის, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ნატო-სთვისაც. რადგანაც ნატო პოლიტიკური და სამხედრო ალიანსია, დიდი ყურადღება ეთმობა ტანკებს, მაგრამ დემოკრატიის პატივისცემა არის ამ ორგანიზაციისთვის მთავარი. ეს ის სფეროა, სადაც საქართველომ პროგრესი უნდა გააგრძელოს. ასევე, მნიშვნელოვანია სამხედრო ნაწილიც. დოკუმენტი, რომელსაც დღეს გავეცნობით, ფოკუსირებულია, საქართველოს რა შეუძლია, უფრო მეტი გააკეთოს, რომ შეიტანოს საკუთარი წვლილი კოლექტიურ უსაფრთხოებაში“, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.