საზოგადოება
რიმა ბერაძე, თემატური მოკვლევის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებს ესტუმრა

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა რიმა ბერაძემ კომიტეტში მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებში სამუშაო შეხვედრები გამართა.

რიმა ბერაძე თბილისის 52-ე და 177-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა და სამეურვეო საბჭოს წევრებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრებზე სკოლის მართვაში სასკოლო საზოგადოების ჩართულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა რიმა ბერაძემ შეხვედრის მონაწილეებს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ის რეფორმები გააცნო, რომელიც ხელს შეუწყობს სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას.

“სკოლებში მოვისმენთ სხვადასხვა გამოწვევები და პრობლემები. მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მოკვლევის საკითხთან დაკავშირებით საინტერესო წინადადებები გაგვაცნეს. მათი მოსაზრებები აუცილებლად აისახება რეკომენდაციებში“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

თემატური მოკვლევის საბოლოო ეტაპზე შემუშავდება რეკომენდაციები, რომელიც შესასრულებლად აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს გადაეცემათ.