პუბლიკაციები
"მსოფლიო უარყოფს ჩვენს არსებობას" - როგორ ცხოვრობენ აფხაზი ახალგაზრდები პასპორტებზე ევროკავშირის სანქციების შემდეგ

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ოქტომბერში სრულდება ერთი წელი მას შემდეგ, რაც ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემულ რუსული პასპორტებს, რადგან ამ ტერიტორიებს რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს. შესაბამისად, ასეთი პასპორტების მფლობელებზე არ გაიცემა არც შენგენის ვიზები.

ეს ნიშნავს, რომ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე აფხაზეთის პატარა მოსახლეობა, რომელსაც მხოლოდ რუსეთი და გაეროს წევრი ოთხი სხვა ქვეყანა აღიარებს, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის უფლების გარეშე აღმოჩნდა.

JAMnews-მა ექსპერტებთან და ახალგაზრდებთან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვრონ მათ ჩაკეტილ საზღვრებში და რატომ არის მნიშვნელოვანი აფხაზეთისთვის, რომ სამყარო მისთვის ღია იყოს.

ვალერია არშბა 24 წლისაა, დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

ლერას ოცნებაა გახდეს დიპლომატი და აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებაზე იმუშაოს, გააცნოს მსოფლიოს საკუთარი ქვეყანა, ისტორია; დაიცვას აფხაზი ხალხის ინტერესები სხვადასხვა პლატფორმებზე.

ლერას აქვს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – აფხაზურ-რუსული. რუსეთის მოქალაქეობა და უცხოური პასპორტი რუსეთში, აფხაზეთის საელჩოში აიღო. ამ დოკუმენტით, მან ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა. იყო როგორც სასწავლებლად, ასევე სამუშაოდ.

თუმცა, მას შემდეგ რაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, აფხაზებისთვის მოგზაურობის შესაძლებლობა თითქმის მოისპო.

ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა. მე და ჩემი მეგობრები ვწერდით სტატიებს, ღია წერილებს, გვინდოდა როგორმე მიგვეწვდინა ხმა მათთვის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. მსოფლიოში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ადამიანებს, რა ეროვნებისა და მოქალაქეობისას არ უნდა იყვნენ ისინი, არ უნდა შეეზღუდოთ შესაძლებლობები და უფლებები. გამოდის, რომ მსოფლიო უარყოფს ჩემს არსებობას, რადგან მას აქვს კონფლიქტი აქვს რუსეთთან“, – ამბობს ვალერია.

როდესაც ევროკავშირმა აკრძალა ვიზების გაცემა აფხაზეთში გაცემული პასპორტებისთვის, ლერა იძულებული გახდა ახალი შესაძლებლობები მოეძებნა. მან ახალი პასპორტი აიღო – უკვე რუსეთის ტერიტორიაზე.

ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება ძალიან გაართულა. ეს იყო რთული ბიუროკრატიული პროცედურა. მე გამიმართლა, რადგან რუსეთში პასპორტის აღების შესაძლებლობა ყველას არ აქვს“, – ამბობს ლერა.

აფხაზეთში მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი ორი სახის დოკუმენტი აქვთ.

აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტს აქვს ორმაგი, აფხაზური და რუსული მოქალაქეობა. ბევრმა რუსული პასპორტი 2008 წლამდე მიიღო. მაშინ აფხაზეთში ორმაგი მოქალაქეობის მიღება გამარტივებული წესით შეიძლებოდა.

არაღიარებული რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების გაცემით, რუსეთის ფედერაცია ამტკიცებდა, რომ ისინი მოქალაქეობის არმქონე პირები იყვნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და სოხუმთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, გამარტივებული სისტემა გაუქმდა.

2022 წელს მოსკოვმა გადაწყვიტა აფხაზებისთვის კვლავ აღედგინა რუსული პასპორტის აღების გამარტივებული სქემა. 2022 წლის სექტემბრის ბოლოს მოსკოვმა და სოხუმმა ორმაგი მოქალაქეობის საკითხის დარეგულირების ხელშეკრულებასაც კი მოაწერეს ხელი.

თუმცა, ამ შეთანხმების პარალელურად, ევროკავშირმა კანონგარეშედ ცნო აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტები [აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტები “რეალური” რუსული პასპორტებისგან სერიაში ორი ციფრით განსხვავდებიან). შესაბამისად, ასეთი პასპორტით შენგენის ვიზის აღება შეუძლებელია.

აფხაზების დანარჩენ 40 პროცენტს მხოლოდ აფხაზური პასპორტი აქვს, რომლითაც რუსეთის ფედერაციის გარდა ვერსად იმოგზაურებენ. ეს პასპორტი არ არის აღიარებული საერთაშორისო დონეზე. ევროკავშირი არ ცნობს აფხაზურ პასპორტს.

ასტან ხაშიგი, ექსპერტი აფხაზეთის ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისში, დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება აშკარად არღვევს რესპუბლიკის მაცხოვრებლების უფლებებს.

აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარება ზღუდავს აფხაზების უფლებას, მიიღონ სამედიცინო დახმარებაც კი ევროკავშირის ზონაში. კი, შეგიძლიათ სხვაგან წახვიდეთ სამკურნალოდ, მაგრამ გამოდის, რომ ადამიანს არჩევანი წაართვეს. ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევაა“.

თავად ხაშიგი 25 წლისაა. იგი მოსკოვში სწავლობდა, მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

ბევრი ჩემი თანატოლი იყენებდა რუსეთის პასპორტს ქვეყნის გარეთ განათლების მისაღებად. იქნება ეს უმაღლესი, პროფესიული სასწავლებელი თუ ზოგადი კურსები. ეს გეგმები ახლა დასრულდა“, – ამბობს ასტან ხაშიგი.

28 წლის მილანა ლომიას არასოდეს ჰქონია რუსეთის მოქალაქეობა, მხოლოდ აფხაზეთის. ფაზილ ისკანდერის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი აფხაზეთისა და რუსეთის გარდა არსად ყოფილა.

ახალგაზრდა მსახიობი ამბობს, რომ „შეზღუდული“ აფხაზური პასპორტის გამო ხელიდან გაუშვა სწავლასთან და მუშაობასთან დაკავშირებული მრავალი შესაძლებლობა.

მილანა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აფხაზურ პასპორტს აღიარებს, სამუშაოს შოვნა ამ პასპორტით რუსეთშიც კი არ არის ადვილი.

„(რუსეთის) მოქალაქეობის არარსებობა ართულებს ცხოვრებას სხვადასხვა ფაქტორით. მაგალითად, არ შეიძლება უბრალოდ წახვიდე და ფილმში ითამაშო. ამისთვის უნდა აიღო სამუშაო ნებართვა და სხვა უამრავი დოკუმენტი. ახლაც რომ დამამტკიცონ რამე როლზე, გადაღებებზე წასვლა პრობლემური პროცესია“, – ამბობს ის.

მილანა თავისი კარიერის ერთ ეპიზოდს იხსენებს, როცა რუსულ სერიალში მონაწილეობის შანსი მიეცა:

დანილა კოზლოვსკი [რუსი რეჟისორი_JAMnews] იღებდა სერიალს „კარამორას“ და როცა მსახიობებს ეძებდა, ნახა ვიდეო, სადაც ბროდსკის ვკითხულობ. მიპოვეს, ჩავწერე სინჯები, მოვეწონეთ. შემდეგ ყველაფერი შეანელა დოკუმენტებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. შემდეგ კი გაირკვა, რომ გადაღებები საერთოდაც საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა,” – ამბობს მილანა.

განათლების სფეროს ექსპერტი რუსტამი ამბობს, რომ აფხაზეთში საკმაოდ მწვავედ გრძნობდნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან მრავალი წლის განმავლობაში აფხაზებისთვის მსოფლიოში ერთადერთი გასასვლელი რუსეთი იყო.

აქ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველთვის გვქონდა შეზღუდვები. ფაქტობრივად, მთელი ეს წლები სანქციებში ვცხოვრობთ – მსოფლიო არ ცნობს აფხაზურ პასპორტებს. და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ წვდომას ყველა სახის შესაძლებლობებზე, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რუსეთი გვაძლევდა. თუ სადმე გვიწევდათ წასვლა, ვიზისთვის რუსული პასპორტი იყო საჭირო და რუსეთში მდებარე სავიზო ცენტრებს მივმართავდით. რა თქმა უნდა, 2022 წლის შემდეგ სიტუაცია ძალიან შეიცვალა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია, ავტომატურად აფხაზეთზეც ვრცელდება. მაგალითად, ბევრი საგანმანათლებლო პროგრამა დაიხურა აფხაზი ახალგაზრდებისთვის, რადგან რუსეთი ამ პროგრამებიდან ჩახსნეს“, – ამბობს ექსპერტი.

ასტან ხაშიგი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის მაცხოვრებლების უფლებების მთავარი დარღვევა ისაა, რომ მსოფლიო უარს ამბობს აფხაზური პასპორტების, როგორც სამოგზაურო დოკუმენტის აღიარებაზე.

მისი თქმით, რაც უფრო მეტად ზღუდავს დასავლეთი აფხაზეთის მოსახლეობას სანქციებით, მით უფრო მეტად არიან ისინი დამოკიდებულნი რუსეთზე.

მსოფლიო საზოგადოება იმყოფება საინფორმაციო ვაკუუმში, სადაც ერთადერთი რუპორი ქართული პროპაგანდაა. ასეთ ვითარებაში ფიქრიც კი ზედმეტია იმაზე, რომ ჩვენი დოკუმენტები აღიარებული იქნება”.

ლერა არშბა აღიარებს, რომ მისთვის, როგორც დიპლომატისთვის, დაკეტილი საზღვრები ორმაგად ტრაგიკულია.

მას მწვავედ აწუხებს, რომ სპეციალობით არ მუშაობს : მისი თქმით, აფხაზეთის დღევანდელი საგარეო უწყება მის ინტერესებსა და მოლოდინებს არ აკმაყოფილებს, ამიტომ კერძო სექტორში დარჩენას ამჯობინებს.

დღეს მე არ ვმუშაობ საჯარო სამსახურში. დღეს სამინისტროს მიზანი არ არის აფხაზეთის საგარეო ურთიერთობების გაუმჯობესება ან ინფორმაციის გავრცელება აფხაზეთის შესახებ. ისეთი ამოცანები, რაზეც ვოცნებობ, არ არსებობს. დღეს საჯარო სამსახური უბრალოდ ბიუროკრატია და რუტინაა“, – ამბობს ის.

ახლა არის პრიორიტეტები, რომლებიც ჩემთან ახლოს არ არის“, დასძენს ის, დღეს თუ გინდა იმუშაო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაშინ უნდა იმუშაო კონკრეტული ადამიანის იმიჯზე და აფხაზეთის სამუდამოდ შერწყმაზე რუსეთთან“.

ყველა ჩვენი თანამოსაუბრე აღიარებს, რომ მათი მთავარი შიში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არ არის სანქციები, შეზღუდვები ან იზოლაცია – არამედ ომია.

აფხაზეთში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ჩვენი აღმოსავლელი მეზობელი – საქართველო – განიხილავს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნის იდეას და რომ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ამისკენ დიდი ხანია მოუწოდებს მათ. რუსეთიც მუდმივად გვაფრთხილებს ამის შესახებ.

რა მნიშვნელობა აქვს სად შეიძლება ან არ შეიძლება წახვიდე, ხვალ თუ შენი სახლი ისევ დაბომბეს და დაანგრიეს, ფიქრობენ ახალგაზრდები.

ვის სიამოვნებს მუდმივად იმის მოსმენა, რომ შეიძლება ომი დაიწყოს თქვენს ქვეყანაში? სულ ამ თემაზეა ვარაუდები და თეორიები. ბუნებრივია, თქვენ ამის გამო მუდმივად დაძაბული და ემოციური ხართ.

წყარო: JAMnews