უცხოეთი
„ფაინენშელ თაიმსი“ - ევროკავშირი განიხილავს უნგრეთის ეკონომიკაზე დარტყმას, თუ ის მიმდინარე კვირაში დაგეგმილ სამიტზე უკრაინის დახმარებას დაბლოკავს

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ევროკავშირი განიხილავს უნგრეთის ეკონომიკაზე დარტყმას, თუ ბუდაპეშტი მიმდინარე კვირაში დაგეგმილ სამიტზე უკრაინის დახმარებას დაბლოკავს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ბრიუსელს შემუშავებული აქვს კონფიდენციალური გეგმა. როგორც მედიასაშუალება ევროკავშირში შემუშავებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, ბრიუსელის სტრატეგია ითვალისწინებს უნგრეთის ეროვნული ვალუტისა და ინვესტორთა ნდობის შერყევას იმისთვის, რომ ზიანი მიადგეს სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკურ ზრდას იმ შემთხვევაში, თუ ბუდაპეშტი უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე თავისი ვეტო-ს მოხსნაზე.

დოკუმენტის თანახმად, თუ 1-ელი თებერვლის სამიტზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ევროკავშირის ლიდერები საჯაროდ გამოაცხადებენ, რომ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის არაკონსტრუქციული ქმედებების გათვალისწინებით, ისინი ვერ დაუჭერენ მხარს ბუდაპეშტისთვის ევროკავშირის ფინანსების მიწოდებას.

ევროპის საკითხებში უნგრეთის სახელმწიფო მინისტრმა, იანოშ ბოკამ გამოცემას განუცხადა, რომ ევროკავშირის გეგმის შესახებ არაფერი იცის და ქვეყანა ზეწოლას არ ემორჩილება.

შეგახსენებთ, დეკემბერში გამართულ სამიტზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა დაბლოკა.

1tv.ge