როგორც საქინფორმის კორესპონდენტი ევროპის ქვეყნებში ჯულიანა დიუმა ლონდონიდან გვატყობინებს, „NEWS OF THE WORLD“-ის ყოფილი რეპორტიორი, რომელმაც პირველმა გააჟღერა გაზეთის მიერ ცნობილ პირთა პირადი ტელეფონების მოსმენის ფაქტები, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შონ ჰოარის ცხედარი ორშაბათს, დილით, ვოტფორდში მის პირად ბინაში იპოვნეს. ჰერდფორდშის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, სიკვდილის მიზეზებს ვერ ხსნიან, თუმცა არასაეჭვოდ მიიჩნევენ.
ჰოარი პირველად ყურადღების ცენტრში მაშინ აღმოჩნდა, როდესაც მან „NEW YORK TIMES“- თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას „NEWS OF THE WORLD“-ის ამჟამად უკვე ყოფილი რედაქტორი ენდი კოლსენი პირდაპირ უბიძგებდა სატელეფონო მოსმენებისკენ და რომ მსგავსი ფორმები უცხო არ იყო ამ ორგანიზაციისათვის. მისივე განცხადებით, ჩვეულებრიივ ჟურნალისტები დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ, რომ ნებისმიერი საშუალებით მოეპოვებინათ სენსაციური მასალები.ამ ინტერვიუში ჰოარმა კოლსენი იმაში დაადანაშაულა, რომ მან კარგად იცოდა ტელეფონების მოსმენების შესახებ, რასაც კოლსენი დაჟინებით უარყოფს.
ჰოარი „NOTW“-იდან გაათავისუფლეს, თუმცა ოფიციალურ მიზეზად ზედმეტი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენება დასახელდა.
ჰოარის მეზობლის თქმით, ჟურნალისტი ამ ბოლო პერიოდში პარანოიით იყო შეპყრობილი და ხალხთან ურთიერთობას გაურბოდა; მას ეშინოდა პოლიციისა და მთავრობის.
ჰოარის უჩვეულო გარდაცვალების ამბავი კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს ბრიტანეთის პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც „NOTW“-ის სკანდალის შედეგად დაიწყო და ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ახალ ფაზაში შევიდა მას შემდეგ, რაც 17 ივლისს მეტროპოლიტენის პოლიციის კომისარი, სერ პოლ სტივენსონი, „news of the world“-ის ყოფილი რედაქტორის მოადგილე ჯონ იეტსთან ახლო ურთიერთობის გამო გადადგა. პოლიციის კომისრისა და სახელგატეხილი გაზეთის ერთ-ერთი უფროსი ხელმძღვანელის თანამშრომლობა და მეგობრობა საზოგადოებისთვის მიუღებელი გახდა, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ მრავალი კრიმინალური საქმის გამოძიების სამართლიანობა დაირღვა.
იეიტსი, რომლის მომსახურებაც დღეში 1000 გირვანქა ჯდება, სირ სტივენსონის პირადი პიარმრჩეველი იყო.
კრიტიკოსთა თქმით, სტივენსონის გადადგომა შესაძლო მაგალითი უნდა გახდეს თვით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კამერონისთვისაც, რომელმაც „NOTW“-ის ყოფილ მთავარი რედაქტორი ენდი კოლსენი თავისი კომუნიკაციების დირექტორად დანიშნა.
ქვეყანაში შექმნილი კრიზისის საპასუხოდ, დეივიდ კამერონმა თავისი 5-დღიანი ვიზიტი აფრიკაში საგრძნობლად შეამცირა და დღეს, საღამოს, ლონდონში ბრუნდება.
სავარაუდოდ, შეიძლება ისიც აღმოჩნდეს რუპერტ მერდოკისა და გაზეთის ყოფილი რედაქტორის – რებეკა ბრუკსის, ადგილას, რომლებიც დღეს ინგლისის საპარლამენტო კომისიის წინაშე წარდგებიან, რათა პასუხი გასცენ ბრიტანეთის პარლამენტარების მიერ დასმულ შეკითხვებს.
ორშაბათს დაპატიმრებული ბრუკსი გირაოს გადახდის შემდეგ დროებით გაათავისუფლეს.
საპარლამენტო კომისის შეკითხვებს უნდა უპასუხონ პოლიციის მაღალჩინოსნებმაც, რომელთაც უნდა ახსნან, თუ რამდენად სამართლიანად წარიმართა „NOTW“-ის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც წარსულში საკმარისი მტკიცებულებების უქონლობის გამო დაიხურა.
საქინფორმი