2010 წლის 20 დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრამდე საია ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ახალ პროექტს – „ახალგაზრდა იურისტები ძირითადი შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისა და წახალისებისათვის საქართველოში“. პროექტი მოიცავს როგორც თბილისს, ისე საქართველოს შვიდ რეგიონს, სადაც საიას რეგიონული ოფისებია განთავსებული (ქუთაისი, აჭარა, გორი, რუსთავი, თელავი, ოზურგეთი და დუშეთი).
აღნიშნული სტრატეგიიდან გამომდინარე, პროექტი 3 ძირითადი მიმართულებით ხორციელდება:
1. შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის დახვეწისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობის მიზნით – საია თავისი საპარლამენტო მდივნის დახმარებით, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით მოამზადებს და პარლამენტში ლობირებას გაუწევს ახალ კანონპროექტებს;
2. ინდივიდუალურ უფლებათა დარღვევებზე რეაგირების მოხდენის მიზნით – საიას უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფს იმ პირთათვის, რომელთა შრომითი უფლებებიც დაირღვა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ისეთი მოწყვლადი ჯგუფების შრომითი უფლებების დაცვაზე, როგორიცაა: ორსულები, არასრულწლოვანები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, საპენსიო ასაკს მიღწეული პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპეციფიკური პროფესიის მქონე პირები (ექიმები, ჟურნალისტები, მასწავლებლები და ა.შ.);
3. საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და უფლებათა დარღვევების პრევენციის მიზნით – საიამ მოამზადა და თავისი რეგიონული ოფისების დახმარებით გაავრცელა სპეციალური ბროშურები შრომით უფლებებთან დაკავშირებით. ბროშურები მომზადდა როგორც ქართულ, ისე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. პროექტის ფარგლებში აგრეთვე მომზადდა სოციალური რეკლამები, რომლებიც ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლობის მეშვეობით.
საქინფორმი