საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, სადაც შეიძლება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიყვანოს ჩვენი ქვეყანა, არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ უფრო ადრე შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში, ვიდრე „ქართული ოცნება“. ერთადერთი, სადაც შეიძლება, შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა. საზოგადოებამ ამ კუთხით კიდევ ერთხელ უნდა შეხედოს საკუთარ არჩევანს და არჩევანი უნდა გაკეთდეს არა „ომის პარტიის“, არამედ მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

კობახიძის თქმით, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში, მოხდება ქვეყნის „უკრაინიზაცია“.

მინდა, ცოტა უკან დავბრუნდე, გავიხსენო 2020 წელი და თეორიულად წარმოვიდგინო აპოკალიპტური სცენარი, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი სატელიტებით გაიმარჯვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ან 2021 წელს მოახერხეს მათ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მოვიდნენ ხელისუფლებაში და ა.შ. ამ შემთხვევაში ისინი გააკეთებდნენ იმას, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან – თავისი სანქციების დაწესებით, მოხალისეების გაგზავნით, თავიანთი უხეში რიტორიკით და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, საუბარი მაქვს მარტო იმაზე, რასაც საჯაროდაც ხედავდა საზოგადოება, კულისებს მიღმა რა ხდებოდა, ამაზე არ მინდა ახლა საუბარი. ასეთ შემთხვევაში პირდაპირი შედეგი გვექნებოდა ჩვენი ქვეყნის „უკრაინიზაცია“. იგივე სურათი შეგვიძლია, ვიხილოთ ჩვენ თეორიულად 2024 წლის შემდეგაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.