საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. 2023 წელს საქართველოს დამოკიდებულება რუსეთიდან და ირანიდან ნავთობის აირებისა და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების (ბუნებრივი აირის) იმპორტზე გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ხოლო აზერბაიჯანიდან იმპორტი შემცირდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, იმპორტის ზრდა საქართველოში გაზის გაზრდილი წლიური მოხმარებითაა განპირობებული.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ რუსეთიდან 486 ათასი ტონა გაზი შემოიტანა, რაც 69 ათასი ტონით (16,54%) აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს. საქართველომ ამისთვის 131 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა, რაც 19 მილიონით (18%-ით) მეტია წინა წელთან შედარებით.
საგრძნობლად გაიზარდა იმპორტი ირანიდანაც, თუმცა მისი წილი მთლიან შესყიდვებში უმნიშვნელოა. 2022 წელს საქართველომ მხოლოდ 10.38 ტონა გაზი შემოიტანა, რაც 606,5%-ით გაიზარდა და 2023 წელს 73.28 ტონა შეადგინა. ანალოგიურად, 2022 წელს ირანულ გაზზე მხოლოდ 30.65 ათასი დოლარი დაიხარჯა, რაც 2023 წელს ოთხჯერ გაიზარდა და 142 ათასი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება აზერბაიჯანიდან იმპორტის შემცირებას, 3.99%-იანი კლება დაფიქსირდა – 1.77 მლნ ტონა 2022 წლის 1.84 მლნ ტონის ნაცვლად. აზერბაიჯანულ გაზზე დახარჯულმა თანხამ 2023 წელს 314 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.20%-იანი კლებაა.
რუსეთიდან გაზრდილ იმპორტზე საუბრისას ეკონომიკის სამინისტრომ „ბიზნეს მედიას“ განუცხადა: „2022 – 2023 წლებში საქართველოს გაზის წლიური მოხმარება 500 მლნ.მ3-ით გაიზარდა (20%-მდე) და შედეგად, საქართველომ აზერბაიჯანიდან მოწოდების მაქსიმალური ტექნიკური ზღვარი აითვისა, განსაკუთრებით, ზამთრის პიკური დატვირთვისას. გაზრდილი მოთხოვნის და მთლიანად სისტემის დაბალანსება მოხდა რუსული გაზით. ამასთან, იმპორტი განხორციელდა კომერციული მიზანშეწონილობით და მოემსახურა სისტემის სტაბილური და უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფას”.
თუმცა, სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ გაზის მთლიანი იმპორტი 2023 წელს ოდნავ ნაკლები იყო 2022 წელთან შედარებით. 2023 წელს საქართველოში სულ 2.254 მლნ ტონა გაზი შემოვიდა, რაც დაახლოებით 0.2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
თითოეული ქვეყნის წილი იმპორტის მთლიან მოცულობაში შემდეგია:
აზერბაიჯანი – 78.47% 2023 წელს (81.55% 2022 წელს);
რუსეთი – 21.53% 2023 წელს (18.45% 2022 წელს);
ირანი – 0.0033% 2023 წელს (0.0005% 2022 წელს).