საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის 24 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ „სამოქალაქო ორგანიზაციებზე მიზანმიმართულ თავდასხმას“. კერძოდ, ორგანიზაცია ბოლო პერიოდში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს, რომლებიც „დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი, საარჩევნო საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“ და ხაზს უსვამს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში დაგეგმილია არჩევნები, „მსგავსი კამპანიები და მნიშვნელოვანი საკითხების პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენება განსაკუთრებით საფრთხის შემცველია“.
განცხადებაში გამოყოფილია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ 20 იანვარს გამართული სპეციალური ბრიფინგი, სადაც იგი სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს, ბექა მინდიაშვილს „თავს დაესხა“ და ასევე „მადისკრედიტირებელი განცხადება“ გააკეთა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ (SovLab) და “სამოქალაქო იდეის” მიმართაც.
„რელიგიური თემების და ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, დეზინფორმაცია, უფლებადამცველების და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახელმწიფოს, რელიგიის და ეკლესიის მტრებად გამოცხადება არადემოკრატიული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი პრაქტიკაა, საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის და ადამიანების რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების რისკებს შეიცავს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მან შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, რომ „ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს რელიგიური ორგანიზაციები პოლიტიკური პროცესის აქტიურ მონაწილად აქციოს, რაც თავად რელიგიური ორგანიზაციების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და დამოუკიდებლობასაც აზიანებს“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების მსგავსად, კოორდინირებული შეტევის სამიზნე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც არიან. მაგალითად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოა (USAID) მოყვანილი, რომელიც პაპუაშვილმა ბრიფინგზე გააკრიტიკა. „იმ ფონზე, როდესაც ამერიკის მთავრობის და სხვა დასავლური სახელმწიფო და კერძო ფონდების ფინანსური დახმარებით საქართველოში არაერთი საკულტო ნაგებობის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა-შენარჩუნება მოხდა, ასეთი თავდასხმები არაკონსტრუქციულ ხასიათს ატარებს და აძლიერებს კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც დასავლურ ცივილიზაციას ქართული იდენტობის მტრად სახავს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
კოალიცია აცხადებს, რომ ე.წ. „რუსული კანონის“ შესახებ კანონპროექტების მიღებაზე უარის თქმის მიუხედავად, „ხელისუფლება აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციისა და ფინანსური მდგრადობის შეზღუდვის მცდელობას, რაც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის შესუსტებას ისახავს მიზნად“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური მედიის კომპანია Meta-ს მიერ 2023 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ფეისბუქიდან და ინსტაგრამიდან კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში ჩართვის გამო წაშლილი გვერდები/ანგარიშები/ჯგუფები, რომლებიც პროსამთავრობო, მათ შორის „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებულ, კამპანიას აწარმოებდნენ, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან იყვნენ დაკავშირებული“.
კოალიცია ხაზს უსვამს, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ძლიერი ინსტიტუტის არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის“ და რომ ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრულ ნაბიჯებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათ ჩართულობას.
კოალიცია მოუწოდებს „საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმები და ძალისხმევა მიმართოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულებაზე“.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მმართველი პარტიის თავდასხმებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიც გამოეხმაურა და მოუწოდა ხელისუფლებას, „შეწყვიტოს მიზანმიმართული სიძულვილის კამპანია, გადადგას ნაბიჯები მათთან პარტნიორული და საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად და უარი თქვას წინასაარჩევნო კამპანიაში პოლარიზაციის ინსტრუმენტალიზაციაზე“.
ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლება „ცდილობს ნეგატიური ანტიდასავლური საარჩევნო კამპანია აწარმოოს“ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებისთვის პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზების ნაცვლად, ცდილობს საკუთარი ამომრჩეველი შემოიკრიბოს ქვეყნის „მტრების“ წინააღმდეგ ბრძოლის ცრუ რიტორიკით.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ აშკარაა, რომ ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმის მორიგი ტალღა წინასაარჩევნო პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილია. „მსგავსი საინფორმაციო თავდასხმა ხელისუფლებამ გამოიყენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც. 2023 წლის გაზაფხულზე „ქართულმა ოცნებამ“ უშედეგოდ სცადა რუსული კანონის მიღებით, უცხოეთის აგენტის იარლიყით მოენიშნა საერთაშორისო დაფინანსების მიმღები ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„მტრული რიტორიკა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ეწინააღმდეგება როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციურ ღირებულებებს, ასევე ევროკავშირის მოთხოვნებს, გადაიდგას ნაბიჯები პოლარიზაციის დასრულებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.