პოლიტიკა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში საქართველო მესამე ადგილზეა

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული ინდექსის მიხედვით, რომელიც 24 იანვარს გამოქვეყნდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის საქართველო მესამე ადგილს იკავებს 0.63 ქულით. პირველ ადგილზე მოლდოვა, ხოლო მეორე ადგილზე უკრაინაა. მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილებს, შესაბამისად, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ინაწილებენ.

2023 წლის გამოცემა განიხილავს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და დეტალურ ინფორმაციას იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) რეფორმების პროგრესზე, ასევე მათ ევროკავშირთან დაახლოებაზე. ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს სამი ძირითადი მიმართულებით აფასებს: 1. დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა; 2. პოლიტიკის დაახლოება ევროკავშირთან; 3. მდგრადი განვითარება.

საქართველოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: „ქვეყანამ მნიშვენლოვანი პოზიციები დაკარგა როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობის კუთხით, ასევე პოლიტიკის დაახლოების მიმართულებითაც“. დოკუმენტის თანახმად, რეალურად საქართველოს მაჩვენებლები ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი კლებით, თუ არა მკვეთრი დაცემით ბევრ სფეროში, რაც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგია.

დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ „მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ამ ინდექსით განსაზღვრულ თითქმის ყველა თემატურ სფეროში, როგორიცაა დემოკრატიული უფლებები, არჩევნები და პოლიტიკური პლურალიზმი, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი მედია, საჯარო ადმინისტრაცია, საბაზრო ეკონომიკა, თავისუფლება, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება, გარემოსა და კლიმატის პოლიტიკა“ და რომ ერთადერთ გამონაკლისს შეკრების თავისუფლება წარმოადგენს.

2023 წლის ნოემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მიუხედავად, საქართველოსთვის ინდექსის შედეგები ასახავს კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებას, რასაც თან ახლავს ფართოდ გავრცელებული პოლიტიკური პოლარიზაცია.

იმავდროულად, ინდექსი აღიარებს მოლდოვისა და უკრაინის მიღწევებს ევროკავშირის რეფორმების მიზნების მიღწევასა და „ევროკავშირთან მათი დაახლოების დაჩქარებაში, მიუხედავად ძალიან რთული გარემოებებისა“, და დასძენს, რომ „ევროკავშირის ორი კანდიდატი ქვეყანა სტაბილურად ახორციელებს ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომელთაც ბრიუსელი მათგან მოელის გაწევრიანების გზაზე შემდგომი წინსვლისთვის“.

ანგარიშში აღიარებულია მოლდოვის მიღწევები საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკური პლურალიზმის, კორუფციასთან ბრძოლის და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება უკრაინას, ანგარიში ითვალისწინებს ომის რთულ შედეგებს, თუმცა ხაზს უსვამს ქვეყნის მიღწევებს მედიის დამოუკიდებლობის, გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი არის მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომელიც ასახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა) რეფორმების მიმდინარეობას დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის, ევროკავშირთან პოლიტიკის დაახლოებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი მომზადებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.