პოლიტიკა
საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით შეთანხმება გაფორმდა

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმებას ქართული მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ხოლო საუდის არაბეთის მხრიდან საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, მთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შექმნას, რომლებიც პერიოდულად გამართავენ სხდომებს და კონსულტაციებს.

საგარეო უწყების ცნობითვე, დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.