საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით საუდის არაბეთს ეწვია, სადაც ხელს მოაწერს შეთანხმებას მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ, ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ 2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში მიიღეს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანთან. ამის შემდეგ მხარეები შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, აღნიშნეს უწყებაში.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.