უცხოეთი
მედიის ცნობით, ისრაელმა „ჰამასს“ ორი თვით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, თუ ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევალი გათავისუფლდება

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ისრაელმა „ჰამასს“ ორი თვით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, თუ ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევალი გათავისუფლდება, – ამის შესახებ „აქსიოსი“ ორ ისრაელელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, შესაბამისი შეთავაზება კატარს ეგვიპტის შუამავლობით გადასცეს.

ისრაელის წინადადება ითვალისწინებს ყველა ცოცხლად დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას და დაღუპული ტყვეების ცხედრების გადაცემას.

როგორც ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, პირველ ეტაპზე უნდა გათავისუფლდნენ ქალები, 60 წელს გადაცილებული მამაკაცები და ის მძევლები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამ შეთავაზების მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა უნდა დატოვონ ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტები, რაც პალესტინელებს მისცემს საშუალებას, დაბრუნდნენ ქალაქ ღაზაში და ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში.

ამასთან ერთად, როგორც გამოცემა წერს, ისრაელი და „ჰამასი“ უნდა შეთანხმდნენ, თუ რამდენი მსჯავრდებული პალესტინელი დატოვებს ციხეებს ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, თუმცა ეს შეთავაზება აჩვენებს, რომ ისრაელი არ არის მზად, ციხეში მყოფი ყველა პალესტინელის გათავისუფლებისთვის, რომელთა რიცხვი 6 000-სს შეადგენს.

„აქსიოსის“ ცნობით, ისრაელელი ოფიციალური პირები ფრთხილი ოპტიმიზმით ელოდებიან „ჰამასის“ პასუხს და უახლოეს დღეებში პროგრესის მიღწევის იმედი აქვთ.

ცნობისთვის, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი ტერორისტული აქტის შემდეგ ღაზის სექტორში მძევლად რჩება 130-ზე მეტი ადამიანი.

1tv.ge