- ბატონო არნო, უპირველეს ყოვლისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენი ანალიტიკური პუბლიკაცია, სადაც ადანაშაულებთ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზას სექტორში ომის პროვოცირებაში, ზუსტად დაემთხვა ჟოზეპ ბორელის განცხადებას, რომელმაც ისრაელი, ანუ იგივე პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ, „ჰამასის“ შექმნასა და დაფინანსებაში დაადანაშაულა. ოღონდ მიზეზად თქვენ ასახელებთ კორუფციას, ბორელი კი პალესტინის ადმინისტრაციის დასუსტების სურვილს.
- ესეცაა, რაღა თქმა უნდა. მაგრამ მთავარია, რომ კორუმპირებულმა ბიბიმ, ისევე, როგორც 15 წლის წინ კორუმპირებულმა მიშამ, მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება, რათა შეენარჩუნებინა ხელისუფლება და გადაეტანა ყურადღება მისი კორუმპირებული კომბინაციებიდან. თორემ რატომ არ ეთანხმება ბიბი მძევლების სანაცვლოდ ომის დასრულებას?! იმიტომ, რომ მას სურს გამოჩნდეს გმირად, როგორც მიშას სურდა აგვისტოს სირცხვილის შემდეგ, და თავი აარიდოს ციხეს! ომზე შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ჩამოწერა - ცალკე გამდიდრების მუხლია, რომელსაც ვერავინ შეამოწმებს - რამდენი აფეთქდა, რამდენი იქნა გამოყენებული-გასროლილი, რამდენი გაიყიდა.
წარმოგიდგენიათ, ომის შემდეგ უკრაინაში 2 წელიწადში რა კატასტროფულ ვითარებაში აღმოჩნდა დასავლეთი, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ასეთ განცხადებას აკეთებს?! ბორელი ხომ ხიდირბეგიშვილი არ არის, რომელსაც შეიძლება დაუჯერო ან არ დაუჯერო! დიახ, სიმართლეს დასავლეთშიც ამბობენ, როცა ორივე ფეხით ნეხვში ჩაეფლობა. ასე მოხდა, როცა აშშ-მა აღიარა, რომ შექმნა, შეაიარაღა და დააფინანსა „ისლამური სახელმწიფო“ - ოღონდ მარტო მაშინ, როცა „ისლამური სახელმწიფო“ შემოუბრუნდა მათ და რუსეთი იძულებული გახდა, ის გაენადგურებინა! აშშ აფინანსებდა „ალ-ქაიდას“ მანამ, სანამ მან იერიში არ მიიტანა ნიუ-იორკზე 11 სექტემბერს! ასეა, ისინი, ვინც ტერორისტებს აფინანსებენ, ყოველთვის მზად უნდა იყვნენ ზურგში დარტყმისთვის...
- და რას ფიქრობთ 30 დეკემბერსა და 17 იანვარს თბილისსა და ბათუმში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ცრუ შეტყობინებებზე? საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ ტერორიზმის შესახებ ცრუ ინფორმაცია უცხოეთიდან მიიღო და ის საერთაშორისო ქსელურ თამაშებს უკავშირდებოდა.
- სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის, სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ, შევქმენი ეროვნული უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრი, რომლის პრეზენტაციაც მომავალ კვირას გაიმართება. კომპეტენტური პროფესიონალები, რომლებთანაც მე მრავალი წელია ვურთიერთობ, ესენი კი არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები (მათ შორის, რამდენიმე გენერალი), რომლებიც მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში, ანტიტერორის, შეიარაღებისა და IT-ტექნოლოგიების მაღალი კლასის სპეციალისტები, ანალიტიკოსები, პოლიტტექნოლოგები და კრიმინალისტები - შეთანხმდნენ, რომ შეეცდებიან ერთად იმუშაონ. ანუ, მე შევთავაზებ თემას, ისინი კი ოპერატიულად მოამზადებენ საექსპერტო დასკვნას რეკომენდაციებთან ერთად, რომელიც გამოქვეყნდება საქინფორმის გვერდებზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოსა და მისი პარტნიორების სახელმწიფო უსაფრთხოებას. ვფიქრობ, ჩვენი რეკომენდაციები უმეტეს შემთხვევაში დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას, მის სპეცსამსახურებს.
რაც შეეხება ცრუ ზარებს, ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნამდე არაფერს გამოვაქვეყნებთ. მოკლედ ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, „ვილაიეთი კავკასია“, რომელიც, როგორც ცნობილია, კვლავ წამოყელყელავებული ისლამური სახელმწიფოს განშტოებაა (ცხადია, არა - დასავლელი სპონსორების გარეშე!) შემთხვევით როდი იყო ნახსენები. მიმაჩნია, რომ დაზვერვა ჩაატარეს სერიოზულმა ადამიანებმა და არა კომპიუტერთან მჯდარმა ბავშვებმა - როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რამდენად ოპერატიულად მოხდება მოსახლეობის ევაკუაცია და ა.შ. ტერორისტები ამას გაითვალისწინებენ, თუ ღმერთმა ნუ ქნას, ნამდვილი ტერაქტის განხორციელება მოინდომეს.
ესაუბრა მაია ჯავახიშვილმა
2024 წლის 22 იანვარი
საქართველო, თბილისი