პოლიტიკა
სექტებმა აგენტ მინდიაშვილს მხარი დაუჭირეს

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ 22 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ტოლერანტობის ცენტრისა და მისი ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება. მან დადებითი შეფასება მისცა და მხარდაჭერა გამოუცხადა ტოლერანტობის ცენტრს და მის დირექტორს, ბექა მინდიაშვილს.

20 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც დაგმო დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიაზე და მის მრევლზე თავდასხმისას იხილა“. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მოყვა თბილისის მთავარ საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულებიანი ხატის გამოჩენას, რამაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. პაპუაშვილმა სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს, ბექა მინდიაშვილს „ამ კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე“ უწოდა, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით“.

რაც შეეხება მის [ბექა მინდიაშვილის] გამონათქვამებს ამა თუ იმ საღვთისმეტყველო თუ საეკლესიო მოვლენების შესახებ, თუნდაც ეს იყოს პოლემიკური და მწვავე, ეს მისი, როგორც თეოლოგის გამოხატვის თავისუფლებაა“, – განაცხადა საბჭომ და დასძინა, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია ცენზურა თუ შეფასება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ასეთმა ჩარევამ შესაძლოა შეაფერხოს დემოკრატიული პროცესების ბუნებრივი განვითარება“.

განცხადების თანახმად, უკვე თითქმის 20 წელია, რაც სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ეფექტურად განაგრძობს ფუნქციონირებას სხვადასხვა მთავრობებისა და სახალხო დამცველების პირობებში. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ თუ არა სახალხო დამცველის მანდატი და ასევე ტოლერანტობის ცენტრის თანადგომა, რელიგიათა საბჭოს თანამშრომლობა ვერ იქნებოდა ეფექტური და საქართველოში დემოკრატიის ხარისხი დღეს გაცილებით დაბალი იქნებოდა“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საბჭოში გაერთიანებული განსხვავებული რწმენისა და მსოფლმხედველობის რელიგიების „ჰარმონიული თანაარსებობა, გარკვეულწილად, განპირობებულია“ ბექა მინდიაშვილის საქმიანობით.

რელიგიათა საბჭო იმედს გამოთქვამს, რომ სახალხო დამცველი გააგრძელებს ინსტიტუციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას და მომავალშიც იქნება ავტონომიურობის მყარი დარაჯი, შესაბამისად, ტოლერანტობის ცენტრი და მასთან თანამშრომლობაში მყოფი რელიგიათა საბჭო, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების საფუძველზე, ძველებურად, დამოუკიდებლად გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას“.

განცხადებას ხელს აწერენ: სახარების რწმენის ეკლესია; ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია; საქართველოს ევანგელისტური ეკლესია; ხსნის არმია; ქართველ მუსლიმთა კავშირი; სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო; ევანგელური ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა”; წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია; ბაჰაის საზოგადოება საქართველოში; აღდგენილი სამოციქულო ეკლესია; აჰმადია მუსლიმების გაერთიანება; დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია; ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია; საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია; ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია; მეგობართა რელიგიური საზოგადოება კვაკერები; საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია.