საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. 18 იანვარს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს ცრუ ბრალდებები წაუყენეს სააკაშვილის სავარაუდო წამებასთან დაკავშირებით.
„დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იტყუებოდა, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდა; გავიგეთ, რომ პრეზიდენტი სანდუ იტყუებოდა, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდა; გავიგეთ, რომ ევროპარლამენტარები იტყუებოდნენ, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნაზე დაყრდნობით.
„დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა თავი შეირცხვინა საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე, რადგან ტყუილად აბრალებდნენ საქართველოს სააკაშვილის წამებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ბოდიშს მოიხდიან, თუმცა „ამის მოლოდინიც ნაკლებად არის ხანდახან“.
პაპუაშვილის თქმით, ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ, გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მან ასევე განაცხადა, რომ „არანაირი დახსნა არ იქნება“ და რომ სააკაშვილმა ქართველი ხალხის წინაშე პასუხი უნდა აგოს. „მისი რეჟიმის მსხვერპლები იმსახურებენ იმას, რომ კანონის უზენაესობა აღსრულდეს“, – დასძინა მან.
წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევეციის ევროპული კომიტეტის ანგარიში 2023 წლის მარტში კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტს ეფუძნება. ანგარიშში ნათქვამია, რომ სიტუაცია, რომელშიც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება „დამთრგუნველი და დამამცირებელია და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „არსებული მდგომარეობით, მიუხედავად ზოგადად მისაღები საცხოვრებელი პირობებისა და სამედიცინო სპეციალისტებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობისა, „ვივამედის“ სამი მკაცრი რეჟიმის პალატა ვერ უზრუნველყოფს სათანადო თერაპიულ გარემოს, ვინაიდან საბოლოო სიტყვა ყველა არსებით საკითხზე არა ექიმებს, არამედ პენიტენსიურ სისტემას ეკუთვნის.