საზოგადოება
„არც თვალი უგავს და არც წარბი“ - ხატთან დაკავშირებული სკანდალის ახალი დეტალები

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. წმინდა მატრონას ხატი კვლავ ყურადღების ცენტრშია - ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე ზოგიერთმა ადამიანმა დაინახა სახეები, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს მიამსგავსა.

ხატი, რომელიც სამების ტაძარს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა შესწირეს, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ერთ-ერთი ფრაგმენტის გამო, სადაც ასახულია საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის შეხვედრა წმინდა მატრონასთან. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება, განაცხადეს საპატრიარქოში.

მომხმარებლები სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ იმას, რომ ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე მომლოცველებს შორის არის სახეები, რომლებიც გვანან ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავს. თავად თარხან-მოურავმა მსგავსი რამ უარყო.

მორიგი რაღაც ტყუილებია. გავაფრენ, ამდენი ტყუილის ატანა აღარ შემიძლია. ეს არ არის რომ ჩვენ ვართ, რატომაა ცუდი, თუ ვიღაც სადღაც მუხლებზე სადმე დგას, ამას ვერ ვიგებ“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქალს, რომელსაც ინაშვილს ამსგავსებენ, ქერა თმა აქვს, განსხვავებით თავად ინაშვილისგან, ხოლო მამაკაცს, რომელსაც ის შეადარეს, ჭაღარა თმა აქვს, მაშინ როდესაც თავად უკვე 10 წელია რაც მელოტია.

არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი... დავით თარხან-მოურავი საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგავს და არც წარბი,“ - განაცხადა ინაშვილმა.

ამასთან, ხატწერის კანონიკა კრძალავს გადახრას მხოლოდ წმინდანის ცხოვრებისგან, რაც არ ეხება მორწმუნეების ან სხვა პირების გამოსახულებებს. კანონიკის დაცვის მკაცრი მოთხოვნა უშუალოდ წმინდანებს ეხება.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.

შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.

წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.