საზოგადოება
თბილისის მერიამ პირობა დაარღვია – მგზავრობა ძველ სამარშრუტო ტაქსებზეც გაძვირდა

marshutkaროგორც ცნობილია, მგზავრობის 50-დან 80 თეთრამდე გაზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში ახალი ყვითელი სამარშრუტო ტაქსები გამოჩნდნენ. მგზავრების პროტესტის ჩასახშობად მერიამ პირობა დადო, რომ მგზავრობის საფასური 80 თეთრამდე მხოლოდ ახალ სამარშრუტო ტაქსებზე მოიმატებდა. თუმცა პირობა მალევე დაირღვა და ძველი „მარშრუტკებით“ მგზავრობაც 80 თეთრი გახდა.

საქინფორმი რამდენიმე სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ მგზავრობის გაძვირება მათ მერიამ აიძულა. №40 სამარშრუტო ხაზის მძღოლები დღეს მგზავრების პრეტენზიებს ერთადერთი ფრაზით იგერიებდნენ: „თუ არ გნებავთ, ჩაბრძანდით და წადით, მერიაში იჩივლეთ!“

მერიას ადანაშაულებენ №45 სამარშრუტო ხაზის მძღოლებიც. მათ მგზავრები დაახლოებით 1 კილომეტრის მანძილზე გადაჰყავთ, რისთვისაც სამგზავრო ღირებულებად 25 თეთრი ჰქონდათ დაწესებული, თუმცა მერიის დაჟინებული მოთხოვნით მგზავრობა 30 თეთრამდე გააძვირეს.

მგზავრები კი აღშფოთებული არიან და ფასების ზრდის გამო პროტესტს გამოთქვამენ. დღეს დილიდან რამდენიმე სამარშრუტო ტაქსიში მძღოლებსა და მათ შორის სერიოზულ კამათსაც კი ჰქონდა ადგილი.

„მე №45 „მარშრუტკით“ დავდივარ. მგზავრობა ღირდა 20 თეთრი, რამდენიმე თვის წინათ 25 თეთრი გახადეს. დღეს გაჩერებაზე ჩავჯექი „მარშრუტკაში“, სანამ გავიდოდით, მძღოლები ლაპარაკობდნენ – მოვიდნენ და ხელმოწერას გვთხოვდნენ საბუთებზე, თითქოს მძღოლები ვითხოვთ ტარიფის გაძვირებას, მერე გვითხრეს – ხვალიდან 40 თეთრი უნდა გახადოთ მგზავრობაო. ვიუარეთ და ავუხსენით, რომ სისულელეა, 40 თეთრი ადამიანს 1 კილომეტრზე გადაყვანისთვის მოსთხოვო... და 30 თეთრამდე მაინც აგვაწევინეს ტარიფი. მერიამ პირობა დაარღვია, რადგან გვპირდებოდა, რომ ფასები მხოლოდ ახალ სამარშრუტო ტაქსებზე გაძვირდებოდა. ეს არასამართლიანია, ჩვენი ხელფასის ნახევარზე მეტი მგზავრობაში თუ დავხარჯეთ, ოჯახები რით უნდა ვარჩინოთ?..“ „ის დროა, ველოსიპედები ვიყიდოთ, სანამ ისიც გაუძვირებიათ და თავს თავადვე მივხედოთ... ჩვენ გამოსავალს ვეძებთ ხოლმე, მაგრამ უკვე ჩიხში მოგვამწყვდიეს, ეს უკვე გაუსაძლისია და რაც მეტს მოვითმენთ, მით მეტად მოგვიჭერენ მარწუხებს – არაფერს დათმობენ“, – აცხადებენ მგზავრები საქინფორმთან საუბრისას.

ჩვენ ვესაუბრეთ კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელიც თავად შეესწრო, როგორ მივიდნენ მერიის წარმომადგენლები №135 სამარშრუტო ხაზის მძღოლებთან თაბახის გამზადებული ფურცლებით, რომლებზეც „80 თეთრი“ იყო ამობეჭდილი და აიძულეს, აეწიათ სამგზავრო ტარიფი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდნენ.

„საინტერესოა, როდემზე უნდა აძვიროს ხელისუფლებამ პროდუქტი, მგზავრობა, კომუნალური გადასახადები?“, „სად არის ამ ყველაფრის ზედა ზღვარი?“ „როდის უნდა აგოს ხელისუფლებამ პასუხი იმ უკანონობაზე, რასაც საკუთარ მოსახლეობას უკეთებს?“ – ეს ის კითხვებია, რომლებსაც დღეს საქინფორმთან საუბრისას ჩვეულებრივი მოქალაქეები სვამდნენ და რომლებზე პასუხებსაც ისინი სწორედ ხელისუფლებისგან ელიან, თუმცა, ალბათ, ეს მოლოდინიც ტრადიციულად, უშედეგო იქნება.

ცნობისთვის: საქინფორმმა მგზავრობის გადასახადის გაძვირების ფაქტები №№128, 147, 111, 135, 227, 247 და 149 სამარშრუტო ტაქსებზე დააფიქსირა, თუმცა პერიოდულად მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ მგზავრობა თითქმის ყველა სამარშრუტო ხაზზე გაძვირდა.

 

საქინფორმი