საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს აზერბაიჯანთან და სომხეთთან მჭიდრო პარტნიორობა აქვს, ვიცი, რომ ლიდერებს სურთ ურთიერთობა ორმხრივ დონეზე

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები და პარტნიორობა აქვს, ისინი არიან ჩვენი ძმები და მეგობრები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელზე განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების პოზიციაა, რომ სურთ ორმხრივ დონეზე ურთიერთობა, რაც, ღარიბაშვილის განცხადებით, სწორი გზაა.

მე მქონდა ორი წლის წინ მედიაციის, ფასილიტაციის მცდელობა. ჩვენ გვქონდა წარმატებული პირველი მედიაცია, როდესაც აზერბაიჯანმა გაათავისუფლა 15 დაკავებული და სომხეთმა გადასცა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები. ეს იყო წარმატებული მცდელობა. მაგრამ ეს არის ძალიან რთული სიტუაცია. ჩვენ გვესმის, რომ ამ რეგიონში ბევრი მოთამაშეა. დავამატებდი, მე ვიცი, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების პოზიციაა, რომ მათ სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა ორმხრივ დონეზე. პირადად მე ვფიქრობ, ეს არის სწორი გზა, რადგან ამდენი მედიატორით, ამდენი დაინტერესებული მხარით პროცესი ზოგჯერ უფრო კონფლიქტური და კონტრპროდუქტიული ხდება. შესაბამისად, მე მათ წარმატებას ვუსურვებ. დიდი იმედი მაქვს, ისინი გამოსავალს იპოვიან და მალე მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.