სამართალი
„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასებას აქვეყნებს

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით, – ამის შესახებ ნათქვამია „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“ (CPT) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მოიცავს დაცულ ნაწილში მყოფ პატიმართა, მათ შორის სააკაშვილის პირობებთან დაკავშირებით შეფასებას.

ანგარიშში სააკაშვილი მოხსენიებულია, როგორც ბატონი ს.

ვივამედის“ კლინიკის დაცულ ნაწილში მატერიალური პირობები სრულიად ადეკვატური იყო, რაც ჯანდაცვის დაწესებულებისთვის მოსალოდნელი იყო. პაციენტების ოთახები იყო ფართო (მაგალითად, ერთადგილიანი ოთახი, დაახლოებით, 15 კვ.მ. ორადგილიანი ოთახი, დაახლოებით, 40 კვ.მ. და ექვს-საწოლიანი ოთახი, დაახლოებით, 60 კვ.მ.), კარგად მოვლილი და სუფთა. სააკაშვილის მიერ დაკავებული ფართი იყო განსაკუთრებით დიდი, ოთახი და საძინებელი, საერთო ჯამში, დაახლოებით, 20 კვ.მ. ამას ემატებოდა სრულად გამოყოფილი აბაზანა. ვენტილაცია და ხელოვნური განათებაც კარგი იყო. გარდა ამისა, პაციენტებს ჰქონდათ შეუზღუდავი წვდომა კარგი ხარისხის ტუალეტებზე, სააბაზანოსა და შხაპზე, ხოლო მათ, ვისაც საკუთარი ფინანსური რესურსი არ ჰქონდათ, სთავაზობდნენ პირადი ჰიგიენის ნივთებს“, – აღიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ასევე, პრობლემას არ წარმოადგენდა საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში).

თითქმის ყველა ოთახს დიდი ფანჯრები ჰქონდა, რაც უზრუნველყოფდა კარგ ბუნებრივ განათებას და სასიამოვნო ხედს. თუმცა, ეს არ ეხებოდა სააკაშვილის ოთახს, სადაც ფანჯრებში დაბურული შუშა იყო ჩასმული და პრაქტიკულად არ იღებოდა (კლინიკაში მიღების შემდეგ, ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა კომიტეტს თავის 2023 წლის 12 აპრილის წერილში, რომ ფანჯრებში დაბურული შუშები შეიცვალა და ბ-ს.-მიეცა გარე ხედისა და მზის შუქის ხილვის საშუალება. კომიტეტი მიესალმება ამ პოზიტიურ ნაბიჯს. სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია (მას ჰქონდა დივანი, მაგიდა, სკამები და მაცივარი). განსხვავებით მე-4 და მე-6 სართულების ოთახებისა, სადაც პაციენტების ოთახებში ძირითადად მხოლოდ საწოლები და პატარა კარადები იყო განთავსებული, არ ჰქონდათ სკამები და მაგიდები (გარდა რამდენიმე ოთახისა, სადაც უფრო მძიმედ დაავადებული პაციენტები იმყოფებოდნენ), რაც ნიშნავდა, რომ პაციენტებს საკვების მიღება მხოლოდ საწოლზე მჯდომარეებს შეეძლოთ (არ იყო გამოყოფილი სასადილო ოთახები). დელეგაციამ ნათლად დაინახა, რომ პაციენტების უმეტესობა არ იყო საწოლზე მიჯაჭვული. კომიტეტი „ვივამედის“ კლინიკის მე-4 და მე-6 სართულების პაციენტების ოთახების ავეჯით უზრუნველყოფის რეკომენდაციას იძლევა, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით.

მხოლოდ ბატონ ს.-ს ჰქონდა წვდომა ტელევიზიაზე, ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე. სხვა პაციენტებს მხოლოდ ძალიან პატარა ბიბლიოთეკიდან ჰქონდათ (ან სახლიდან) წიგნებზე წვდომა და არ ჰქონდათ ტელევიზიაზე, რადიოსა და პრესაზე წვდომა.

არცერთ პაციენტს არ ჰქონდა გარე ვარჯიშის ან გასეირნების საშუალება, რადგან კლინიკას არ აქვს ეზო. ეს სულაც არ წარმოადგენდა პრობლემას იმ პაციენტთა უმრავლესობისთვის, რომლებიც „ვივამედის“ კლინიკაში მხოლოდ რამდენიმე დღით რჩებოდნენ (ჩვეულებრივი ყოფნის ხანგრძლივობა რამდენიმე დღიდან ორ კვირამდეა), მაგრამ რამდენიმე (სულ მცირე, სამი) პაციენტი კლინიკაში ბევრად მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, მათ შორის ერთი პაციენტი ხუთი თვე და მეორე (ბატონი ს.) ცხრა თვეზე მეტი ხნით.

ფაქტი, რომ აღნიშნული პაციენტები სუფთა ჰაერზე, მზის შუქზე გასეირნებას და ნებადართულ ფიზიკურ აქტივობებს მოკლებულნი იყვნენ, არა მხოლოდ დამთრგუნველი, არამედ ანტითერაპიულიც იყო.

გარდა ამისა, ზოგიერთი პაციენტი მხოლოდ თავის ოთახში იყო ჩაკეტილი და ყველანაირი კომუნიკაციის შესაძლებლობას, ხანდახან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, იყო მოკლებული. ეს უშუალოდ ეხება ბატონ ს.-ს, რომლის რეჟიმი სამარტოო საკანის რეჟიმს ჰგავდა“, – აღნიშნულია კომიტეტის ანგარიშში.

ამასთან, კომიტეტი რეკომენდაციებსაც ავრცელებს: მნიშვნელოვანია, პაციენტებს ჰქონდეთ გარეთ გასეირნების შესაძლებლობა, ტელევიზიაზე, რადიოსა და პრესაზე წვდომა. ცალკე განთავსებული პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია პაციენტებთან ან სათანადოდ მომზადებულ პერსონალთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა (სულ მცირე, 2 საათი დღეში).

ბატონი ს.-ის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს წვდომა მთელ რიგ სამედიცინო სპეციალისტებთან და მკურნალობასთან, ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა მარტო ყოფნა მრავალი თვის განმავლობაში, გარე ვარჯიშის ნაკლებობა და კამერებით მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ყოფნა, იწვევს სიტუაციას, რომელიც არის მჩაგვრელი, დამამცირებელი და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კომიტეტის აზრით, დაცული პალატების მართვა უნდა დაექვემდებაროს კლინიკის სამედიცინო პერსონალს, რათა საშუალება ჰქონდეთ, შექმნან თერაპიული და ნდობაზე დაფუძნებული გარემო.

ფორმიანი და შეიარაღებული ოფიცრები მუდმივად არ უნდა იმყოფებოდნენ დაცულ პალატებში; მათი იქ ყოფნა გამართლებული უნდა იყოს ცალკეულ შემთხვევებში იმ რისკით, რომელსაც კონკრეტული პაციენტები წარმოადგენენ (მაგალითად, პერსონალისა და სხვა პაციენტების მიმართ ძალადობის რისკით, შფოთვისა და თვითდაზიანების რისკის შემთხვევაში) და ეს რისკი უნდა შეფასდეს სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შემდეგ.

რაც შეეხება სათვალთვალო კამერების არსებობას, განსაკუთრებით ბ-ნი ს.-ის მუდმივ მეთვალყურეობას, ამჟამინდელი მდგომარეობა უნდა გადაიხედოს პრიორიტეტული წესით. მართალია, მუდმივი მეთვალყურეობა გამოიყენება მხოლოდ ერთ პაციენტზე, რომელსაც ჰქონდა კლინიკის პერსონალთან რთული (თუმცა არა ფიზიკურად ძალადობრივი) ურთიერთობები და ქცევის ისტორია, რომელიც შეიძლება, განიმარტოს, როგორც თვითდაზიანების ფორმა (მაგალითად, უარის თქმა კლინიკის მიერ შემოთავაზებულ საკვებზე და ზოგიერთ შემოთავაზებულ მკურნალობაზე), თუმცა დელეგაციის ვიზიტის დროს გამოყენებული ზომები (რომელიც წარმოადგენს პაციენტის კონფიდენციალურობაში უხეშ ჩარევას) მაინც პოტენციური საფრთხის არაპროპორციული აღმოჩნდა. იგივე მიზანი შეიძლებოდა მიღწეული ყოფილიყო, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის ადეკვატურად ყოფნის უზრუნველყოფით.

ასევე უნდა იქნას მიღებული ზომები (შესაბამისი ინსტრუქციების სახით), რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ პაციენტების (მათ შორის ბ-ნი ს.-ის) შესახებ კონფიდენციალური სამედიცინო ინფორმაცია პაციენტის თანხმობის გარეშე არ გადაეცეს არასამედიცინო პერსონალს.

ასეთი კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები ასევე შეიძლება გადაეცეს კანონიერად უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებს (როგორებიც არიან პროკურორები და გამომძიებლები, მიმდინარე გამოძიების კონტექსტში), ეროვნული და საერთაშორისო მონიტორინგის ორგანოებს, მათი კანონიერი მანდატის ფარგლებში მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვით.

კომიტეტი კვლავ რჩება აზრზე, რომ სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სერვისებზე პასუხისმგებლობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის დიდი ხნის წინ დაგეგმილი გადაცემა აუცილებელი და დაგვიანებულია. კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს გადაცემის პროცესი შემდგომი შეყოვნების გარეშე“.