საზოგადოება
გივი მიქანაძე: ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებაში ინკლუზიურობის კომპონენტი გათვალისწინებული იქნება

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესში ინკლუზიურობის კომპონენტი აუცილებლად გათვალისწინებული იქნება, დაცული იქნება ღია კარის პრინციპი. რა თქმა უნდა, ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ ევროკომისიის ცხრა რეკომენდაცია მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შესრულდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, მმართველ პარტიას რეკომენდაციების შესრულებაზე სრული მზაობა აქვს.

„ინკლუზიურობის კომპონენტი აუცილებლად გათვალისწინებული იქნება. მთავარია, ამ ინკლუზიურობას ოპოზიცია კვლავაც დესტრუქციისთვის გამოიყენებს თუ რაიმე კონსტრუქციულობის ელემენტს შემოიტანენ. ვეჭვობ, რომ მათ ამის პოტენციალი არა აქვთ და ისევ ძველ დღის წესრიგს დაადგებიან. რა თქმა უნდა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე აქტიური განხილვა დაიწყება, თუმცა ვფიქრობთ, რომ, ვიდრე საკითხები კომიტეტებსა და სესიაზე გადაინაცვლებს, იქნება გარკვეული წინამოსამზადებელი პროცესი. ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა, თუ რა ფორმით იქნება ინკლუზიურობა, მაგრამ ეს ყველა დონეზე იქნება უზრუნველყოფილი. ვნახოთ, რა ფორმითა და კონსტრუქციულობით ჩაერთვება ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. საკითხების პარლამენტის კომიტეტებსა და სესიაზე გატანამდე გარკვეული წინამოსამზადებელი პროცესი გაიმართება. გამიჭირდება თქმა, თუ როგორი იქნება მოსამზადებელი ფორმატები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ, ვიდრე საკითხები განსახილველად პარლამენტის კომიტეტებსა და სხდომაზე გავა, გარკვეული აქტივობები იყოს, გარკვეულ კონსულტაციებს ჰქონდეს ადგილი, რაც პოზიციების გაცვლას გახდის შესაძლებელს“, – განაცხადა მიქანაძემ.