საზოგადოება
ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლების გაუმჭვირვალე ურთიერთობები ისეთ აქტორთან, როგორიც ჩინეთია, ორმაგად სახიფათო ხდება

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ხელისუფლება თავისი ბუნებითა და ორიენტირით როცა რუსულ ორბიტაზეა, გაურკვეველი და გაუმჭვირვალე ურთიერთობები ისეთ აქტორთან, როგორიცაა ჩინეთი, ორმაგად სახიფათო ხდება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ჩინეთთან დაკავშირებით ხელისუფლება საუბრობს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ, მათ შორის, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც გაუგებარია, რას შეიძლება გულისხმობდეს.

მაშინ, როცა საქართველომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღო და რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება უნდა იყოს, პირველი საპარლამენტო ვიზიტი სრულდება არა ბრიუსელში ან ევროპის რომელიმე დედაქალაქში, და დღის წესრიგი არის არა ცხრა მიმართულებით რეფორმის გატარება, არამედ პირველი ვიზიტი ჩინეთში ხორციელდება. ჩინეთთან დაკავშირებით ხელისუფლება მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე არ საუბრობს. ისინი, მათ შორის, საუბრობენ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც გაუგებარია, რას შეიძლება გულისხმობდეს, მაშინ როდესაც საქართველო დეკლარირებულად არის დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო ჩინეთის სახელმწიფოს სხვა კურსი აქვს არჩეული. ჩვენ მთავარ პრობლემას ვხედავთ იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე მყარად და მკაფიოდ არ დგას. მთავარი პრობლემაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების რეალური განწყობა არ არის, ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყოს. როცა ხელისუფლება თავისი ბუნებითა და ორიენტირით რუსულ ორბიტაზეა, გაურკვეველი და გაუმჭვირვალე ურთიერთობები ისეთ აქტორთან, როგორიცაა ჩინეთი, ორმაგად სახიფათო ხდება. ამ მხრივ პრობლემა საქართველოს ხელისუფლებაშია, სხვა მხრივ, გონიერმა, რაციონალურმა და პატრიოტმა ხელისუფლებამ ჩინეთთან ურთიერთობებიც შეიძლება ქვეყნის სასიკეთოდ და სასარგებლოდ გამოიყენოს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.