საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: დავოსი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, პრემიერ-მინისტრი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

დავითაშვილის თქმით, ასევე გაიმართება შეხვედრები ბიზნესპროექტებთან დაკავშირებით და იმედი აქვს, ეს შეხვედრები პროდუქტიული იქნება.

დავოსი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა წლის დასაწყისში, სადაც, უკვე რამდენიმე ათეული წელია, იკრიბება ბიზნესი და ბევრი მნიშვნელოვანი ტენდენციის შესახებ ყალიბდება აზრი. ასევე, პრაქტიკული კუთხით ძალიან საინტერესოა დავოსი, რადგან პრაქტიკული გადაწყვეტილებები მიიღება კონკრეტულ პროექტებთან, საინვესტიციო მიმართულებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ზუსტად ეს მიმართულებაა ყველაზე მეტად საინტერესო დავოსში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში დავოსი, ეკონომიკურთან ერთად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმაც გახდა. ამიტომ ქვეყნის ზოგადად ცნობადობისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალ დონეზე დავოსში მონაწილეობა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, გარდა კონკრეტული შეხვედრებისა, რომლებიც ჩვენ გვექნება ბიზნესებთან ბიზნესპროექტებთან დაკავშირებით. მიდიოდა მუშაობა თვეების განმავლობაში და, შესაბამისად, შეხვედრები უკვე არის დანიშნული. ჩვენ გვექნება შეხვედრები მსოფლიოს ბევრ კომპანიასთან სხვადასხვა ქვეყნიდან, აშშ-დან დაწყებული, სამხრეთ აღმოსავლეთ-აზიის წამყვანი ბიზნესჯგუფებით დამთავრებული. სფეროები ძალიან მრავალფეროვანია. ეს ეხება როგორც ფინანსურ მომსახურებას, ისე კონკრეტულ სხვადასხვა სატრანსპორტო, ლოგისტიკურ, სამშენებლო, რითეილ და სხვადასხვა მიმართულებას. შესაბამისად, ძალიან ფართო სპექტრია დავოსში შეხვედრების, რომლებიც უკვე წინასწარ ცნობილია. ამის პარალელურად, შესაძლოა, დამატებითი შეხვედრები იყოს. იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები საბოლოოდ პროდუქტიული იქნება და წამყვანი კომპანიების მხრიდან იქნება გადაწყვეტილებები საქართველოში ინვესტირების შესახებ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.