სამართალი
ირაკლი ქადაგიშვილი: მელია იქნება, დეკანოიძე - გოცირიძე, „ლელო“ თუ ნიკა გვარამია, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობა“

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. მელია იქნება, დეკანოიძე და გოცირიძე, „ლელო" თუ ნიკა გვარამია, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობა“ - გათვლა აქვთ იმ ამომრჩეველზე, რომელიც იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ ერთობაში სიახლე არაფერია და გადაუწყვეტელ ამომრჩეველზეც მინიმალური გავლენა ექნება.

რაიმე თვისობრივი სიახლე ეს არ არის, რადგან მელია იქნება, დეკანოიძე და გოცირიძე, „ლელო“ თუ ნიკა გვარამია, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობა“. ადრე იყო ერთი მთლიანობა, დღეს დაიშალნენ და ცდილობენ ამ დაშლილიდან, რაღაც ნაწილი შეკოწიწდეს. ეს ყველაფერი როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა დაჯდეს, გათვლა აქვთ იმ ამომრჩეველზე, რომელიც იყო ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი. გვარამია იყო "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელიც მთელ საინფორმაციო პოლიტიკას და პროპაგანდას ადგენდა და დღესაც ადგენს, უბრალოდ ახლა მოცემულობა შეიცვალა და შიდა დიფუზიაა ძალიან დიდი. გვარამია ახალი სახე კი არ არის, ათეული წელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდული მიმართულების მთავარი ხელმძღვანელი.

ვფიქრობ, მინიმალური ზეგავლენა ექნება ამას ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე. ესენი ყველა ის ადამიანები არიან, რომლებსაც წლების განმავლობაში ამომრჩეველი როგორც "ნაციონალურ მოძრაობას" და მათთან აფილირებულ სხვადასხვა დანაყოფს ისე აღიქვამს. სიახლე არაფერია ამ გაგებით, ეს უბრალოდ არის ჩვენი პოლიტიკური მედია სივრცის ჰაერის და გარემოს ჯანჯღარი. ამომრჩევლისთვის ამ გადაჯგუფება-გადმოჯგუფებას რაიმე თვისობრივი სიახლე არ გააჩნია.

როცა გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ვსაუბრობთ, ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ ამომრჩეველს უნდა რაღაც უკეთესი, ეს არ ნიშნავს, რომ თუ რაღაც უკეთესი არ გამოჩნდა, თავის ხმას არ მისცემს ხელისუფლებას. ვერ ვხედავ რაიმე პერსპექტივას, გვარამია ტელევიზიით იქნება „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თუ ტელევიზიის გარეშე, ამით ამომრჩევლისთვის რაიმე იცვლება",- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციურ ველზე ახალი კონფიგურაციის შესახებ, სავარაუდოდ მარტისთვის უკვე ცნობილი გახდება. დეკანოიძის თქმით, მას კონსულტაციები აქვს ნიკა გვარამიასთან და ნიკა მელიასთან.

"ორივე ადამიანს აქვს დიდი რესურსი, ივანიშვილის წინააღმდეგ მოიტანონ ის სინერგია, რომელიც უნდა ჰქონდეს ალიანსს",- განაცხადა დეკანოიძემ.