საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თეონა აქუბარდია უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან უკრაინაში დაბრუნების თაობაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ.
როგორც 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოიძემ განაცხადა, რეზოლუციის მიღება მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების უფლებებისა და მათ მიმართ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეში დარღვევის დანაშაულებრივი ფაქტების შეფასებას და მათზე რეაგირებას.
მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან გრძელდება უკრაინელი ბავშვებისა და სხვა სამოქალაქო პირების ძალადობრივი გადასახლება რუსეთის ტერიტორიაზე, რამაც განსაკუთრებით მწვავე ხასიათი 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შემდეგ მიიღო.
„რეზოლუციის მიზანია საქართველოს პარლამენტის რეაგირება რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტებზე. მნიშვნელოვანია ყველა საჭირო სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული ფაქტების მყისიერ, სრულფასოვან, ეფექტურ გამოძიებასა და დამნაშავეების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას ყველა შესაძლო ინსტანციაში. რეზოლუციის პროექტის მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტი დაადასტურებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საყოველთაო დეკლარაციის და ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მნიშვნელობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. რეზოლუციის პროექტის მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტი დაგმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდისა და ომის დანაშაულების ფაქტებს, დაგმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში და მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინის კონსტიტუციურ წესრიგსა და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. რეზოლუციის მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტი მოახდენს რუსეთ-უკრაინას შორის განვითარებული პროცესების შეფასებას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, აქტიურად და უშუალოდ იმოქმედონ იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების მშობლებთან და კანონიერ მეურვეებთან დაბრუნების საკითხებზე”, – განაცხადა დეკანოიძემ.