სამართალი
ნატა ფერაძის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე „ალტ-ინფოს“ წევრები შეიკრიბნენ და მის მიერ სამების ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატის დაზიანების ფაქტს აპროტესტებდნენ

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. თბილისში, ბელინსკის ქუჩაზე, ნატა ფერაძის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე „ალტ-ინფოს“ წევრები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ისინი აპროტესტებდნენ ნატა ფერაძის მიერ 9 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატის დაზიანების ფაქტს.

პოლიციას საცხოვრებელ კორპუსამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდა. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევდნენ.

შსს-მ ამასთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შსს-თანამშრომლები თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“.

სოციალურ ქსელში 9 იანვარს გავრცელდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტო, რომელსაც ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ასევე, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა ნატა ფერაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.